ახალი ამბები

ენმ-ში თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

12 ნოემბერი, 2022 • 528
ენმ-ში თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

“ნაციონალურ მოძრაობაში” თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით შვიდკაციანი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ტექნიკური საკითხების, მათ შორის არჩევნების წესის შემუშავებაზე იზრუნებს. ამის შესახებ დღეს, 12 ნოემბერს ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

ბარამიძის განცხადებით, ჯგუფის ამოცანაა, რომ შესაბამისი წესის შემუშავება 22 ნოემბრამდე შეძლონ, რომელსაც პოლიტიკური საბჭო დაამტკიცებს, რის შემდეგაც უნდა დაიწყოს თავმჯდომარეობის კანდიდატების კამპანია:

“შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა მოამზადოს ის წესი, რომლითაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე იქნება არჩეული. შესაბამისად ბუნებრივია ამ ჯგუფს ექნება საკმაოდ რთული და არა უბრალო სამუშაო იმისთვის, რომ შეიქმნას ისეთი წესი, რომელიც მრავალ საკითხს და მრავალ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს. მათ შორის იმას, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი, ხმის მიცემის პროცედურა იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე.

ჩვენი მცდელობა იქნება, რომ შევეცადოთ ეს პრინციპი ავიღოთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში. წინა არჩევნებში დაახლოებით 20 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ჩვენმა წევრმა და მხარდამჭერმა”, – განაცხადა ბარამიძემ ბრიფინგზე.

სამუშაო ჯგუფის წევრები იქნებიან:

  • გიორგი ბარამიძე
  • ნინო კვიტაიშვილი
  • თორნიკე ბიკაშვილი
  • გიორგი ბოტკოველი
  • ლევან ბეჟაშვილი
  • ივანე პეტრიაშვილი
  • ბაჩო დოლიძე

9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათი აზრით, თანაპარტიელთა ნაწილის მიერ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების საჯაროდ მოთხოვნა არასწორი იყო.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება გააკეთეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც. გამორიცხული არ არის კენჭი ხაბეიშვილმაც იყაროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი