ახალი ამბები

ადვოკატთა საინიაციტივო ჯგუფმა მთავარ პროკურატურას მიმართა

17 მაისი, 2010 • 1097
ადვოკატთა საინიაციტივო ჯგუფმა მთავარ პროკურატურას მიმართა

საქართველოს პოლიციამ, ადვოკატებისთვის მშვიდობიანი მანიფესტაციის ხელშეშლის გამო, მანიფესტაციის შესახებ კანონი და ევროკონვენციის მუხლები დაარღვია, აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე, ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი.

 მომიტინგე ადვოკატებმა, ფაქტის გამოძიების დაწყების მოთხოვნით, საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართეს. დღეს, ორ საათზე, ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა პროკურატურაში განცხადება  შეიტანა.

 15 მაისს პარლამენტის წინ მომიტინგე ადვოკატებმა “კლიმატური პირობების გამო”  კარვების გაშლა გადაწყვიტეს. შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, საპატრულო პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმმა მანიფესტანტებს კარვები წაართვეს.

 “ისინი (პოლიციელები) გვიდასტურებდნენ, რომ ჩვენ გვქონდა კარვების გაშლის უფლება, ამის მიუხედავად, მაინც არ გვაძლევდნენ საკუთარი უფლების განხორციელების შესაძლებლობას. პოლიციამ ხელი უნდა შეუწყოს მანიფესტაციების მშვიდობიანად გამართვას. აქ პირიქით მოხდა,”- შალვა ხაჭაპურიძე.

 აქციის დაწყებიდანვე, 12 მაისიდან, ცნობილი იყო, რომ ადვოკატები პარლამენტის წინ კარვების გაშლას აპირებდნენ.

 “თუ ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს საქართველოს მთავრობა, ჩვენი სამართლებრივი მოთხოვნა პოლიტიკურ მოთხოვნაში გადაიზრდება”, აცხადებდა შალვა ხაჭაპურიძე.

 ადვოკატის განცხადებით, თავდაპირველად მომიტინგეებთან ადგილობრივ თვითმმართველობის (მერიის) წარმომადგენელი უნდა მისულიყო და გაეფრთხილებინა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა საპატრულო პოლიციის ჩარევა, რაც არ მომხდარა. ადვოკატი  უახლოეს დღეებში მოელის პასუხს მთავარი პროკურატურიდან.

 ადვოკატ ხაჭაპურიძის განცხადებით, პოლიციელებმა დაარღვიეს შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-11, მე-12 და მე-13, სისხლის სამართლის 161-ე და 333-ე, პოლიციის შესახებ კანონის 27-ე და 30-ე, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილი და ევროკონვენციის მე-11 და მე-12 მუხლები.

სწორედ ამ მუხლების დარღვევას აპროტესტებენ ადვოკატები. ისინი მზად არიან ზემდგომ ინსტანციებსა და ევროსასამართლოსაც მიმართონ.

 ადვოკატების აქცია 12 მაისს დაიწყო, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით. ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები არიან. ადვოკატთა ასოციაციაში 500-მდე ადვოკატია გაერთიანებული.

 შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სანქცია აქციის ჩატარებისთვის 9 ივნისამდე აქვთ.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი