ახალი ამბები

თუ ვინმე იქნა მელიაზე უკეთესი, დავუჭერ მხარს. ასეთი სააკაშვილია – ბარამიძე

10 ნოემბერი, 2022 • 654
თუ ვინმე იქნა მელიაზე უკეთესი, დავუჭერ მხარს. ასეთი სააკაშვილია – ბარამიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე აცხადებს, რომ პარტიაში არჩევნების შემდეგ დამარცხებულმა მხარემ თავი დამცირებულად არ უნდა იგრძნოს.

10 ნოემბერს „ტვ პირველის“ ეთერში ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვაზე, გია ბარამიძე პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ხმას ნიკა მელიას მისცემს თუ სხვა კანდიდატს, გიორგი ბარამიძემ უპასუხა:

„ჯერ თუ [ვინმე] დააყენებს, იმის მიხედვით [გიპასუხებთ]. ორი არჩევანი უნდა იყოს, ხომ? მჯობნის მჯობნი არ დაილევა. თუ ვიღაცა იქნება ნიკა მელიაზე უკეთესი, მას მივცემ ხმას. მაგრამ ჯერ არავის დაუყენებია [კანდიდატურა]“, – თქვა მან.

დამაზუსტებელ კითხვაზე, ვინ იქნება მისთვის „ნიკაზე უკეთესი“, განაცხადა:

„ჩემთვის ამ წუთას ნიკაზე უკეთესი, – შეიძლება რიტორიკულად ჟღერდეს, მაგრამ ,- არის მიხეილ სააკაშვილი. ის ადამიანი, ვისი გუნდის წევრი ვარ და მე არ ვცნობ სხვა არანაირ გუნდებს პარტიის შიგნით. შეიძლება ვიღაცამ ფრთა დაარქვას, მოსაზრებების მქონე ჯგუფი დაარქვას, მაგრამ დაპირისპირების ფორმულას არ ვიზიარებ“.


9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათი აზრით, თანაპარტიელთა ნაწილის მიერ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების საჯაროდ მოთხოვნა არასწორი იყო.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს – ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია რუსთავის 2-ის ეთერში განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილს ენმ-ის თავმჯდომარედ პეტრე ცისკარიშვილი სურს.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, დავით კეზერაშვილი ერთ მხარეს აფინანსებს გარკვეულ სუბიექტებს „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, მეორე მხარეს კი — გიორგი ვაშაძეს, ზურაბ ჯაფარიძეს და ელენე ხოშტარიას, ასევე, მედიას და არასამთავრობო სექტორსაც კი.

თავად პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს. ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს არც ლევან ხაბეიშვილი და ხატია დეკანოიძე.

ნიკა მელიას გარდა თავმჯდომარეობაზე კანდიდატურა ჯერ სხვას არავის დაუყენებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი