„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ენმ-ის თავმჯდომარედ საკუთარ კანდიდატურას არ განიხილავს.
დეკანოიძის თქმით, მას მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს პარტია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარლამენტში და მისი პირველი საზრუნავი ახლა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაა.
„არ განვიხილავ, მე არ ვარ ადამიანი, ვის მაგივრადაც სხვებმა შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ტრანსფერი, ეს არის პირველ რიგში ჩემი საზრუნავი და ბევრი ჩემი მეგობრის.
არჩევნები არის დემოკრატიული პროცესი, არავინ არჩევნების წინააღმდეგი არ ყოფილა. მე ჩემი კანდიდატურა არც განმიხილავს და არც განვიხილავ, რეალურად ვთვლი, რომ პარტიაში და პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია მაქვს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
გუშინ, 9 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათი აზრით, თანაპარტიელთა ნაწილის მიერ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების საჯაროდ მოთხოვნა არასწორი იყო.
რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია რუსთავის 2-ის ეთერში განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილს ენმ-ის თავმჯდომარედ პეტრე ცისკარიშვილი სურს. ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, დავით კეზერაშვილი ერთ მხარეს აფინანსებს გარკვეულ სუბიექტებს „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, მეორე მხარეს კი — გიორგი ვაშაძეს, ზურაბ ჯაფარიძეს და ელენე ხოშტარიას, ასევე, მედიას და არასამთავრობო სექტორსაც კი.
თავად პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს. ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს არც ლევან ხაბეიშვილი.
