ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მობილიზაციას ექვემდებარებიან დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები

7 ნოემბერი, 2022 • 2532
მობილიზაციას ექვემდებარებიან დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტმა გამოაქვეყნა ოფიციალური პასუხი მიმართვაზე, სადაც დე ფაქტო საგარეო უწყება ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში რუსეთის მოქალაქეების გაწვევაზე განმარტებას ითხოვდა.

როგორც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სააგენტო რეს-ი წერს, რუსული მხარის განმარტების შესაბამისად, მობილიზაციას ექვემდებარებიან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფო ან ძალოვან სტრუქტურებში მუშაობენ.

ოფიციალური ცნობითვე, აღნიშნულ კატეგორიაში შემავალი მოქალაქეები ვალდებული არიან, სამხედრო კომისარიატებში წარადგინონ ცნობა სამსახურის შესახებ, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბილეთი, აღრიცხვაზე დგომის შესახებ ცნობა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

იქამდე გავრცელებული ასევე ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის ნაწილობრივი მობილიზაცია შეეხებოდა მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირებს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, რომელიც აფხაზეთთან ერთად დამოუკიდებელ სახელმწფოდ რუსეთმა 2008 წელს აღიარა, მოქალაქეების 80-90% [სხვადასხვა მონაცემით] რუსეთის მოქალაქეობას ფლობს.

21 სექტემბრის შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა “ნაწილობრივი მობილიზაცია” გამოაცხადა, რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზებისა და ოსების ომში გაწვევაზე სოხუმსა და ცხინვალში არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო პროგნოზი და მოსაზრება ისმის. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაცით, მობილიზაცია მათ არ ეხებოდათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი