ახალი ამბები

არის თუ არა რადიაციული თბილისის კორპუსების სახურავები?

13 მაისი, 2010 •
არის თუ არა რადიაციული თბილისის კორპუსების სახურავები?

ინფორმაცია, რომელიც  ქრისტიან დემოკარტიული მოძრაობის მაჟორიტარმა კადიდატმა ზაზა გაბუნიამ სხვადასხვა მოქალაქისგან მოისმინა, თბილისის საკრებულოსთან გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას გააცნო.

”მე მაქვს ინფორმაცია, რომ დღეს თბილისის საცხოვრებელი კორპუსები თუთიის   მაღალრადიაციული მასალით იხურება, რომელიც ნებისმიერ სართულზე მცხოვრები ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო და საფრთხის შემცველია”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატს ამასთან დაკავშირებით მტკიცებულები არ გააჩნია და არც კონკრეტული კორპუსების შესახებ საუბრობს, სადაც, სავარაუდოდ, სახურავები თუთიის შემცველი მასალით გადახურეს,- „ეს ინფორმაცია სხვადასხვა ადამიანისგან ვიცი, ამიტომ მე ვერ დავამტკიცებ, რომ ეს ნამდვილად ასეა”, – აცხადებს იგი.

კანდიდატი თბილისის საკრებულოსგან და მერიისგან ზომების მიღებას ელოდება და  მათ სხვადასხვა პარტიებისგან, ექსპერტებისგან და მერიის წარმომადგენელბისგან შემდგარი სპეციალური კომისიის  შექმნის ინიციატივით მიმართავს – „უნდა გამოვიძიოთ, რეალურად რა საფრთხე არსებობს”, – ამბობს ზაზა გაბუნია.

თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ  მერია არაფერ შუაშია, რადგან დედაქალაქში სახლების გადახურვა უშუალოდ მერიის მონაწილეობით არ ხდება და  კორპუსის „ამხანაგობები“ თავად ყიდულობენ სახურავების მასალას. მერიის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის თამარ დვალის ინფორმაციით, „თბილისის მერია მხოლოდ თანადამფინანსებელია და დაახლოებით 70-80 %-ით აფინანსებს სახლის გადახურვას“.   

თბილისის მერიაში  ამბობენ, რომ სახურავების მასალის შემადგენლობის კოტროლი მერიას არ ევალება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი