ახალი ამბები

სები მოსახლეობას აფრთხილებს, არ გადაახურდავონ ვალუტა არარეგისტრირებულ პუნქტებში

4 ნოემბერი, 2022 • 3640
სები მოსახლეობას აფრთხილებს, არ გადაახურდავონ ვალუტა არარეგისტრირებულ პუნქტებში

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სხვადასხვა ლოკაციაზე დაფიქსრიდა არარეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების არსებობა და მათ მიერ ვალუტის გადაცვლის ოპერაციების უნებართვოდ წარმოების ფაქტები.

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი დადგენილი წესის შესაბამისად. რეგისტრაციის გარეშე ვალუტის გადაცვლის ოპერაციების წარმოება წარმოადგენს კანონდარღვევას და შესაძლოა გამოიწვიოს სამართლებრივი პასუხისმგებლობის, მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგომა.

მოვუწოდებთ მეწარმე სუბიექტებს, თავი შეიკავონ კანონმდებლობის გვერდის ავლით ვალუტის გადაცვლის ოპერაციების წარმოებისგან. ამავდროულად, ვთხოვთ მომხმარებლებს, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და ვალუტა გადაცვალონ მხოლოდ რეგისტრირებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, ყოველთვის მოითხოვონ ქვითარი, ხოლო ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე – 2 406 406 ან მოგვწერონ – cp@nbg.gov.ge“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ცხრა ფაქტი, რაზედაც პასუხისგებაში მისცეს ათი პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის რეგიონში, სხვადასხვა ლოკაციაზე, ბრალდებულებს, კანონდარღვევით მოწყობილი ჰქონდათ სავალუტო პუნქტები, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის გარეშე ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში, ამოიღეს 550 000 ლარის ოდენობის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა.

აღნიშნული სახის დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი