ახალი ამბები

მაკკეინის ინსტიტუტი: გვარამიას განაჩენი საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას აჩვენებს

4 ნოემბერი, 2022 • 815
მაკკეინის ინსტიტუტი: გვარამიას განაჩენი საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას აჩვენებს

მაკკეინის ინსტიტუტი ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის დაკავება და პატიმრობის გაგრძელება აჩვენებს საქართველოში პრესის დამოუკიდებლობის უკუსვლას და ხაზს უსვამს დემოკრატიული ოცნების დასრულებას, რომელსაც საქართველოს ბევრი მოქალაქე იზიარებდა:

“ნიკა გვარამია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია, რომელიც კარგად ცნობილი კრიტიკოსი, ჟურნალისტი და ბიზნესმენია საქართველოში.

2012 წლიდან ბატონი გვარამია იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მაკონტროლებელი ბიძინა ივანიშვილის, ქართველი ოლიგარქის, რომელსაც კავშირები ვლადიმერ პუტინთან და კრემლის რეჟიმთან აქვს. ბევრ ექსპერტს, ვინც სიტუაციას იცნობს, სჯერა, რომ ნიკა გვარამიას დაკავება პირდაპირ უკავშირდება ივანიშვილის კრიტიკას. ექსპერტები ასევე ყურადღებას ამახვილებენ გვარამიას დაკავების დროზე და აცხადებენ, რომ ეს შემთხვევითი არ ყოფილა. პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები და დაკავებები შეიძლება იყოს დარტყმა საქართველოს განაცხადისთვის ევროკავშირის წევრის სტატუსზე“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების ავტორები იშველიებენ ევროპარლამენტის მიერ 2022 წლის 9 ივნისს მიღებულ რეზოლუციას, რომელიც უფლებადარღვევების იმ ტენდენციას აჩვენებს, რაც საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას და ქართველ ჟურნალისტებს. მაკკეინის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ რეზოლუციაში საუბარი იყო გვარამიას მიმართ წაყენებულ ბრალდებებზეც. ამასთან, მაკკეინის ინსტიტუტის თქმით, საქართველოში პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე საუბარი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშშიც იყო:

„განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ ახალხან საკამათო ბოიკოტი გამოუცხადა საერთაშორისო სანქციების რეჟიმს რუსეთის წინაღმდეგ, რომელიც მოსკოვის უკრაინაში შეჭრას უკავშირდებოდა. ამასთან, უკრაინის დაზვერვამ, სავარაუდოდ, გამოავლინა საქართველოს მთავრობის დახმარება რუსეთის მიერ სანქციების თავიდან არიდებაში. ბატონი გვარამიას დაკავება შესაძლოა პირდაპირ კავშირში იყო მის მამხილებელ როლთან საქართველოს მთავრობის კრემლთან კავშირებზე. ეს შესაძლოა ასევე იყოს სადემონსტრაციო დასჯის მცდელობა სხვა მედიასაშუალებებისთვის, უკრაინის მხარდამჭერებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლთათვის საქართველოში“ – წერია განცხადებაში.

მაკკეინის ინსტიტუტის შეფასებით, ნიკა გვარამიას საქმე საქართველოში დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოა და ხაზს უსვამს კრიტიკული და დამოუკიდებელი მედიის როლს. განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს ნიკა გვარამიას დახმარება, რათა ყველა ქართველს ჰქონდეს წვდომა ზუსტ და გამჭვირვალე ინფორმაციაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი