ახალი ამბები

რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ მოვინახულებ სააკაშვილს – ომბუდსმენობის კანდიდატი

3 ნოემბერი, 2022 • 803
რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ მოვინახულებ სააკაშვილს – ომბუდსმენობის კანდიდატი

სახალხო დამცველობის კანდიდატი ქეთევან ჩაჩავა აცხადებს, რომ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ მოინახულებს, ვისაც საჭიროდ ჩათვლის, მათ შორის, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

ამის შესახებ მან დღეს, 3 ნოემბერს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მოსმენისას განაცხადა. დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ ქეთევან ჩაჩავას უთხრა, რომ მოქმედ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას „ქართული ოცნება“ სწორედ იმიტომ აკრიტიკებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი 1 წელში 6-ჯერ მოინახულა. ჩხეიძემ ჩაჩავას ჰკითხა, არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინებს თუ არა „ქართული ოცნების“ შენიშვნებს.

„სახალხო დამცველის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია სწორედ პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგია. რა თქმა უნდა, მე ყველგან, სადაც საჭირო იქნება სახალხო დამცველი და რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ მოვინახულებ, ვისაც საჭიროდ ჩავთვლი, მათ შორის ეს იქნება მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია თუ ნებისმიერი სხვა.

მე არცერთი სახალხო დამცველის შეფასებებში არ შევდივარ, მაგრამ მე, როგორც ადამიანს, პენიტენციურ დაწესებულებებთან მქონია შეხება და მინახავს, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის კომუნიკაცია. დარწმუნებული ვარ, როდესაც საქმე ეხება სახალხო დამცველს და მის აპარატს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეს ინტერაქცია. ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მეტი ჩართულობა“, – განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი