ახალი ამბები

TI: თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებები საკრებულოს დაასუსტებს

3 ნოემბერი, 2022 • 579
TI: თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებები საკრებულოს დაასუსტებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების სახელით ინიცირებული ცვლილებები „მნიშვნელოვნად ასუსტებს საკრებულოს როლს, ხელს უშლის ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას და მორგებულია მხოლოდ მმართველი პარტიის – “ქართული ოცნების” ინტერესებზე“.

ორგანიზაციის თანახმად, ახალი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თუ  საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის ვადაში საკრებულო ვერ დაამტკიცებს ადგილობრივ ბიუჯეტს, უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება მხოლოდ საკრებულოს და აღარ შეუწყდება მერს, „პასუხისმგებლობას არიდებს მერს, საკრებულოს მხრიდან ბიუჯეტის პროექტზე განსხვავებული პოზიციის გამოხატვას აფერხებს, განსაკუთრებით კი იმ საკრებულოებში, სადაც მყარი უმრავლესობა არცერთ პარტიას არ აქვს“.

დღეის მდგომარეობით ასეთი ვითარება სამ მუნიციპალიტეტშია – რუსთავის, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში მერის პოზიციას „ქართული ოცნების” წარმომადგენელი იკავებს, საკრებულოებში კი ოპოზიციური პარტიების კოალიციური უმრავლესობაა შექმნილი.

„სავარაუდოა, რომ თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის რეალური მიზანიც სწორედ ის იყოს, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ ხელოვნურად, მოქმედი მერების სასარგებლოდ გადაწყვიტოს ის შესაძლო უთანხმოება, რომელიც ამ მუნიციპალიტეტებში მოახლოებული ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში „ქართული ოცნების” წარმომადგენელ მერებსა და ოპოზიციურ საკრებულოებს შორის შეიძლება წარმოიშვას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი წარმოდგენილ ცვლილებას, რომელიც მერს საკრებულოს მიმართ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ინიციატივის ავტორები – კახა კახიშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი- ითხოვენ ცვლილებებს “ადგილობრივი თვითმმართველობის” კოდექსში, რომლის თანახმადაც, თუ საკრებულო საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის ვადაში ვერ დაამტკიცებს ადგილობრივ ბიუჯეტს, უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება მხოლოდ საკრებულოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი