ახალი ამბები

გვარამია არ წარმოადგენს ისეთი ტიპის საფრთხეს, რომ ციხეში გამოკეტვა აუცილებელი იყოს – იოსელიანი

3 ნოემბერი, 2022 •
გვარამია არ წარმოადგენს ისეთი ტიპის საფრთხეს, რომ ციხეში გამოკეტვა აუცილებელი იყოს – იოსელიანი

პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი ეხმიანება “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მიმართ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ გვარამია არ წარმოადგენს ისეთ საფრთხეს, “რომ ციხეში მისი გამოკეტვა აუცილებელი იყოს”. ამის შესახებ იოსელიანმა ფეისბუკზე დაწერა.

“არ მიმაჩნია, რომ ნიკა გვარამია ციხეში უნდა იჯდეს. ის არ წარმოადგენს ისეთი ტიპის საფრთხეს, რომ ციხეში მისი გამოკეტვა აუცილებელი იყოს”, – წერს იოსელიანი პოსტში.

მისი თქმით, ისეთი ბრალდებებით, რაც გვარამიას აქვს წაყენებული, “ჩინოვნიკების ნახევარი დასაჭერია”.

“მანქანას არა მარტო პარლამენტის წევრები იყენებენ, არამედ მათი ცოლებიც, შვილებიც, ძიძებიც”, – აცხადებს იოსელიანი.


თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. განაჩენი 2 ნოემბერს მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ გამოაცხადა.

გვარამიას სააპელაციო სარჩელს განიხილავდა მოსამართლეთა კოლეგია მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით.


ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა.

პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

მის დაპატიმრებას არაერთი კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.

ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

გირჩევთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი