არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აცხადებენ, რომ “მთავარი არხის” დამფუძნებლის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ამის შესახებ განცხადებას 8 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

“საქმის მასალებისა და პროცესებზე დაკვირვების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღნიშნული საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული, რომლის მიზანი ნიკა გვარამიას დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებაა”, – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ღია საზოგადოების ფონდი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), საზოგადოება და ბანკები, მედიის განვითარების ფონდი და საქართველოს ატლანტიკური საბჭო განმარტავენ, რომ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებების უსაფუძვლობაზე მიუთითებდა სასამართლოში წარდგენილი მოსაზრებები, რომელიც ეკუთვნით სახალხო დამცველს, ადამიანის უფლებათა ცენტრს და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს.

არასამთავრობოების განმარტებით, მოსაზრებების თანახმად, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არ მოიცავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ აღნიშნულ საქმეზე 2022 წლის 16 მაისის განაჩენი შეისწავლეს და არაერთი ხარვეზი გამოიკვეთა მის კანონიერებასა და დასაბუთებულობასთან დაკავშირებით.

“მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელებული მართლმსაჯულება, რომელიც ზიანს აყენებს მედიაგარემოს და ზოგადად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სტანდარტებს, კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას, აცდენილია ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების სულისკვეთებას და ხელს უშლის სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას

საერთაშორისო პარტნიორების მიერ წლების მანძილზე სასამართლო სისტემის გაუმჯობესების კუთხით გაწეული ძალისხმევა ე.წ. გავლენიანი მოსამართლეების ქმედებებით მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებული გამოწვევების ერთ-ერთი მაჩვენებელია. მსგავსი საქმეები კი სრულიად მოსამართლეთა კორპუსს, მათ შორის მიუკერძოებელ მოსამართლეებსაც აყენებს ჩრდილს. მიგვაჩნია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაში შემჩნეულ მოსამართლეებზე მომავალში პარტნიორების რესურსების გამოყენებას სასამართლოს სისტემისთვის პოზიტიური შედეგი არ მოყჰვება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

გვარამიას სააპელაციო სარჩელს განიხილავდა მოსამართლეთა კოლეგია მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით.


ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა.

პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

მის დაპატიმრებას არაერთი კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.

ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

გირჩევთ ასევე: