ახალი ამბები

“ამიერიდან ბევრი TOP გუნდი დააკვირდება საქართველოს“ – საფეხბურთო აგენტი

2 ნოემბერი, 2022 • 1033
“ამიერიდან ბევრი TOP გუნდი დააკვირდება საქართველოს“ – საფეხბურთო აგენტი

საფეხბურთო აგენტი კრისტიან ემილი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის საკითხზე ყაზანის „რუბინთან“ თანამშრომლობდა, ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოსთან იმ დეტალებზე საუბრობს, თუ რატომ ვერ შედგა ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი ევროპულ კლუბებში მანამ, სანამ სპორტსმენი ბათუმის დინამოში გადავიდოდა, საიდანაც შემდეგ ნაპოლიში წავიდა.

როგორც ირკვევა, კრისტიან ემილი რუბინს ეხმარებოდა კვარაცხელიასთვის შესაბამისი მყიდველის მოძებნაში, თუმცა ეს საქმე არ გამოვიდა. ემილი ჩართული არ ყოფილა ბათუმის დინამოდან კვარაცხელიას ნაპოლიში ტრანსფერში.

სპეციალისტის თქმით, 2021 წელს რუბინმა 3-4 კლუბთან სერიოზული შეხვედრები გამართა, რომლებსაც  ფეხბურთელის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კონკრეტულად რომელ კლუბებზე იყო საუბარი, კრისტიან ემილი არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ლაპარაკია იტალიურ და ინგლისურ გუნდებზე. აგენტი აღნიშნავს, რომ კლუბებს ხვიჩაში დიდი თანხის გადახდა არ სურდათ და მიუხედავად იმისა, რომ ამბობდნენ, გარიგების დადება სურდათ, დროს წელავდნენ და აცხადებდნენ, რომ ტრანსფერზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სეზონის დასრულებას ელოდებოდნენ:

„კავარცხელიას ჰქონდა სხვა შეთავაზებებიც ევროპიდან, მაგრამ თანხა, რომლის გადახდასაც ის კლუბები აპირებდნენ, გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე რუბინი ითხოვდა, 10 მილიონზე ნაკლები. „რუბინი“ კი მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვდა. ზოგადად, ვფიქრობ, ევროპული კლუბები არ ეძებენ ფეხბურთელებს რუსეთის ლიგაში. ისინი პირველ რიგში აკვირდებიან მოთამაშეებს ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში. ეს არის მათი მიდგომა.

ისეთ ქვეყნებში აკვირდებიან სპორტსმენებს, რომლებსაც ჰყავთ ფეხბურთელები ტოპ ხუთ ლიგაში. ამასთან, კორონავირუსის პანდემიის ფონზე კლუბებს არ სურდათ ფულის დახარჯვა ისეთ სპორტსმენებზე, რომლებიც გარანტირებულად შედეგს არ მოიტანდნენ. რატომ წავიდოდა გერმანული ან ბრიტანული კლუბი რუსეთში ლიგაზე დასაკვირვებლად, რომელიც არ იყო მათთვის ნაცნობი, გადაეხადათ დიდი სატრანსფერო თანხა მოთამაშეში საქართველოდან, რომელსაც პატივისცემის მიუხედავად, გასაოცარი შედეგები არ აქვს ევროპაში წასული და წარმატებული ფეხბურთელების მხრივ. შესაძლოა სულ სამი ფეხბურთელი იყოს, რომელზეც ბევრ გვსმენია [საქართველოდან]“, – აცხადებს საფეხბურთო აგენტი.

თუმცა, კვარაცხელიას წარმატების შემდეგ, მისი თქმით, ახლა ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი გაიზრდება და ბევრი ტოპ ევროპული კლუბი ქართველ სპორტსმენებზე დასაკვირვებლად ჩამოვა:

„გარანტიას გაძლევთ, ბევრი კლუბი ჩამოვა საქართველოში ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად“, – ამბობს კრისტიან ემილი ფაბრიციო რომანოსთვის მიცემულ ინტერვიუში.

მასალების გადაბეჭდვის წესი