თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, უწყება გეგმავს, რომ სხვა გამზირების მსგავსად, რეაბილიტაცია წერეთლის გამზირსაც ჩაუტარდეს.

ამის შესახებ კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ვგეგმავთ აკაკი წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. სარეაბილიტაციო პროექტი ითვალისწინებს მთლიან გამზირზე საფუძვლიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას. მათ შორის, პროექტის პირველ ეტაპზე, შეიცვლება ყველა ტიპის მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელი. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება, დამონტაჟდება ნარჩენების მიწისქვეშა ურნები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დამონტაჟდება განათების ბოძები, მოწესრიგდება ტროტუარები და მოეწყობა საავტობუსო ზოლები.

მინდა, კომპანიებს მივმართო, მიიღეთ მონაწილეობა აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის გამოცხადებულ ბაზრის კვლევაში. ძალიან მნიშვნელოვანი გამზირია და არსებული ვითარება სახარბიელო არაა. გვაქვს კონკრეტული მონაკვეთები, რომელიც ძალიან დაზიანებულია. შესაბამისად, ამ ყველაფრის მოწესრიგება, განახლება და რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია“, – თქვა მან.

კალაძის თქმითვე, ის ფიქრობს, რომ რეაბილიტაცია ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება. მანამდე კი გამოვლინდება ტენდერით გამარჯვებული კომპანია.