ახალი ამბები

“დიდი მომავალი აქვს “ოცნებასთან” თანამშრომლობით”- ვაშაძე თეონა აქუბარდიაზე

2 ნოემბერი, 2022 • 793
“დიდი მომავალი აქვს “ოცნებასთან” თანამშრომლობით”- ვაშაძე თეონა აქუბარდიაზე

გიორგი ვაშაძე აკრიტიკებს ყოფილ თანაგუნდელ თეონა აქუბარდიას, რომელმაც პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” რამდენიმე დღის წინ დატოვა.

ვაშაძის თქმით, აქუბარდიამ “ტყუილი იკადრა”, როდესაც თქვა, რომ სტრატეგია აღმაშენებელი არ მონაწილეობს ომბუდსმენობის კანდიდატებთან გასაუბრებების პროცესში, სინამდვილეში კი პაატა მანჯგალაძე კომიტეტებზე დადის.

“ჩემს თანაპარტიელებს ბოდიშიც მოვუხადე, რადგან ჩემი ინიციატივა იყო მისი შეყვანა და, სამწუხაროდ, სტრატეგია აღმაშენებელმა ამ პროცესიდან ვერაფერი მიიღო. ის, რომ მას სხვანაირი პოზიცია აქვს, ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა”, – განაცხადა ვაშაძემ.

“[პარლამენტში] სამუშაო ჯგუფები რომ აღარ არის [12 რეკომენდაციის საკითხზე], ახლა უნდა სამუშაო ჯგუფებში შესვლა და რომელ სამუშაო ჯგუფში, არ ვიცი”, – განაცხადა ვაშაძემ.

“მე ვფიქრობ, რომ დიდი მომავალი აქვს ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობით”, – აღნიშნა ვაშაძემ.


დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ დატოვა.

როგორც აქუბარდია აცხადებს, მისი გადაწყვეტილება განპირობებულია ბოლო პერიოდში “სტრატეგია აღმაშენებელის” დისტანცირებით საპარლამენტო მუშაობისგან, რამაც არაერთხელ გამოიწვია განსხვავებები მასსა და პარტიის პოზიციებს შორის.

მისი თქმით, ის ტოვებს პარტიას, თუმცა რჩება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეფორმების შემადგენლობაში, სადაც პარტია “სტრატეგია აღმაშენებელთან” ერთად წარმოდგენილია “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი და დამოუკიდებელი დეპუტატი.

„პარლამენტის წევრი „სტრატეგია აღმაშენებლის“ სიით გავხდი, თუმცა რაიმე პარტიული თანამდებობა პარტიაში არ მქონია დაკავებული. ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ პარლამენტის წევრი აქტიურად უნდა იყოს ჩართული საპარლამენტო მუშაობაში სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად, განსაკუთრებით კი, ქვეყნისთვის უაღრესად კრიტიკულ დროს, როდესაც საკითხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ევროპული რეკომენდაციების განხორციელებას ეხება.

შესაბამისად, ჩემი ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ბოლო პერიოდში „სტრატეგია აღმაშენებელის“ დისტანცირებით საპარლამენტო მუშაობისგან, რამაც არაერთხელ გამოიწვია განსხვავებები ჩემსა და პარტიის პოზიციებს შორის.

ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის და ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატის სრულყოფილად განხორციელების მიზნით, გადავწყვიტე გავხდე დამოუკიდებელი დეპუტატი და გავაგრძელო აქტიურად მუშაობა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან და ოპოზიციურ სპექტრთან ერთად ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის“, – წერს თეონა აქუბარდია.

მასალების გადაბეჭდვის წესი