„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ „ქართული ოცნების“ ინიცირებული რეფორმა არ პასუხობს ევროკომისიის რეკომენდაციას.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციიდან მე-4 ქვეყანას სთხოვს: „გაძლიერდეს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც გააერთიანებს ყველა ძირითად ანტიკორუფციულ ფუნქციას, განსაკუთრებით, მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების მკაცრად განხილვის მიზნით; აღიჭურვოს ახალი, „სპეციალური საგამოძიებო სამსახური“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური“ მათი მანდატის შესაბამისი რესურსებით და უზრუნველყოფილ იქნას მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა“.
26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ინიცირება მოახდინა კანონპროექტის, რომელიც ითვალისწინებს ახალი სტრუქტურის – სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას.
კანონპროექტის მიხედვით, ახალი უწყების ფუნქცია იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა, რასაც განახორციელებს ანტიკორუფციული პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების შექმნით, მათი აღსრულების კოორდინაციითა და ზედამხედველობით. ბიუროს ხელმძღვანელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.
„დაგეგმილი რეფორმა არ მოიცავს არც სხვადასხვა საკვანძო ანტიკორუფციული ფუნქციის თავმოყრას, არც რეალური დამოუკიდებლობის გარანტიის შექმნას და არც მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლას. ის გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციაში ამჟამად არსებული ეროვნული ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს ფუნქციების ცალკე სსიპ-ად გამოყოფას, რაც აცდენილია ევროკომისიის მოთხოვნას. გარდა ამისა, გამოცხადებული რეფორმა არ პასუხობს კორუფციასთან დაკავშირებით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს – მაღალი დონის კორუფციის ზრდასა და სახელმწიფოს მიტაცების გაღრმავებას“, — აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ და დასძენს, რომ მხოლოდ შემოთავაზებული რეფორმის გატარება ვერ ჩაითვლება რეკომენდაციის შესრულებად, რამაც შეიძლება, ქვეყანას დააკარგვინოს კანდიდატის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა.
არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს და მმართველ გუნდს, გადახედონ მე-4 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მათ მიერ არჩეულ მიდგომას და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ეს რეკომენდაცია შესრულებულად ჩაითვალოს.
ამ მიზნის მისაღწევად, TI-საქართველოს შეფასებით, შესაძლებელია ჯერ კიდევ 2022 წლის იანვარში „ლელოს“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის ან მასში გამოყენებული იდეების გამოყენება.
კანონპროექტი, რომელიც 2020 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ შემუშავდა, TI-საქართველოს განცხადებით, ფართო მხარდაჭერით სარგებლობს როგორც არასამთავრობო, ისე პოლიტიკური სპექტრში.
