ახალი ამბები

საქსტატი: 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში მშენებლობის 8 082 ნებართვა გაიცა

31 ოქტომბერი, 2022 • 1304
საქსტატი: 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში მშენებლობის 8 082 ნებართვა გაიცა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 8 082 მშენებლობის ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8 პროცენტით მეტია.

საქსტატის თქმით, ჯამში, ნებართვები გაცემულია 5 391.6 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. აღნიშნული უწყების ცნობით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.4 პროცენტით მეტია.

საქსტატის განცხადებით, ნებართვების 77.0 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 50.8 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 11.3 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.0 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 6.9 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე.

საქსტატი აღნიშნავს, რომ 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.

საქსტატის განცხადებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 935.3 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 67.5 პროცენტით მეტი) 1 843 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.9 პროცენტით მეტი).

უწყების ცნობით, დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 38.0 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 11.6 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.4 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, 9.2 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი