ახალი ამბები

რუსეთმა კიევსა და ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმები განახორციელა

31 ოქტომბერი, 2022 • 1069
რუსეთმა კიევსა და ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმები განახორციელა

რუსეთმა უკრაინის ქალაქებში კრიტიკულ ინფრასტრუქტურა 31 ოქტომბრის დილიდან დაბომბა, მათ შორის კიევსა და ხარკოვში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევი 31 ოქტომბერს დილის საათებში დაბომბეს, რის შედეგადაც ქალაქის ნაწილში გათიშული იყო ელექტროენერგია და წყალი.

“კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შედეგად, დედაქალაქის ნაწილში ენერგია გათიშულია. ზოგიერთ რაიონში არ არის წყალმომარაგება. ყველა სამსახური მუშაობს”, – განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.

31 ოქტომბრის დილას რუსეთმა იერიში მიიტანა ხარკოვზეც. ქალაქის მერ იგორ ტეხეროვის თქმით, რუსეთმა ხარკოვშიც კრიტიკული ინფრასტრუქტურა დააზიანა. ქალაქში შეჩერებულია მეტროს მოძრაობა.

კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაიბომბა ჩერკასის რაიონშიც, რის შედეგადაც, ხარკოვისა და კიევის მსგავსად, რაიონის გარკვეულ ნაწილს ენერგიის მიწოდება შეუწყდა. ჩერკასის წარმომადგენლის იგორ ტაბურეცის თქმით, ადგილზე მუშაობენ სპეციალური ჯგუფები.

უკრაინული მედიის ცნობით, დღეს, დილის საათებში, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ზაპოროჟიეზეც, რის შედეგადაც, სხვა ქალაქების მსგავსად, დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

“დაახლოებით დილის 8:00 საათზე მტერმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო შეტევა დაიწყო. დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, რის გამოც შესაძლებელია ელექტროენერგიის გათიშვა”, – აცხადებს ზაპორიჟიეს წარმომადგენელი ალექსანდრე სტარუხი.

ასევე, მედიის ინფორმაციით, აფეთქებები იყო ვინიციას, კიროვოგრადის და ლვოვის რეგიონში.

UNIAN-ის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთმა განახორციელა 4 სარაკეტო და 5 საჰაერო დარტყმა, ასევე, 90-ზე მეტი თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. მიკოლაივში, ხერსონში, ხარკოვში და უკრაინის სხვა რაიონებში რუსეთმა 20-ზე მეტ დასახლებაზე მიიტანა იერიში.

გარეკანის ფოტო: UNIAN

მასალების გადაბეჭდვის წესი