ახალი ამბები

დიდი ოდენობით საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – შსს

29 ოქტომბერი, 2022 • 580
დიდი ოდენობით საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში 1961 წელს დაბადებული დ.კ. დააკავეს.

უწყების განცხადებით, დაკავებულს ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და ტარება ედება. შსს-ის თქმით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს “ბრაუნინგის” ტიპის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 1 ვაზნა.

უწყების განცხადებით, პოლიციამ თბილისში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს: კუსტარული წესით გადაკეთებული პისტოლეტი, გადაჭრილი სანადირო თოფი – ე.წ. “აბრეზი”, საბრძოლო შაშხანა, “ვინჩესტერის” ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვიამფრქვევის დეტალი, 6 სანადირო თოფი, სხვადასხვა ტიპის 7 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 2 მჭიდი, 8 ამფეთქი ფალია და 2 დეტონატორი, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1380 ვაზნა.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი