ახალი ამბები

თურქეთში წამყვანი ექიმი და აქტივისტი “ტერორიზმის პროპაგანდის” ბრალდებით დააკავეს

29 ოქტომბერი, 2022 • 1031
თურქეთში წამყვანი ექიმი და აქტივისტი “ტერორიზმის პროპაგანდის” ბრალდებით დააკავეს

თურქეთის პოლიციამ დააკავა ექიმი, უფლებადამცველი  და სასამართლო მედიცინის სპეციალისტი სებნემ ქორურ ფინჯანჯი, რომელმაც გამოძიებისკენ მოწოდება გაახმიანა მას შემდეგ, რაც თურქეთის არმიის მიმართ გაისმა ბრალდებები ქურთი შეიარაღებულების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.

თურქული მედიის თანახმად, გამოძიება 63 წლის ქორურ ფინჯანჯის “ტერორისტული ორგანიზაციის პროპაგანდას”, ასევე, “თურქი ერის, თურქეთის რესპუბლიკისა და მისი ინსტიტუტების” შეურაცხყოფას ედავება. ის ოთხშაბათს სტამბოლში, მის სახლში რეიდის შემდეგ დააკავეს და ანკარაში გადაიყვანეს დასაკითხად.

27 ოქტომბერს სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ქორურ ფინჯანჯი.

მანამდე, ადამიანის უფლებათა ერთ-ერთმა წამყვანმა აქტივისტმა და “თურქეთის სამედიცინო ასოციაციის” ხელმძღვანელმა ინტერვიუ მისცა ტელევიზიას Medya Haber, რომელსაც BBC-ის თურქულენოვანი გამოცემა თურქეთში აკრძალულ “ქურთისტანის მუშათა პარტიასთან”(PKK) დაახლოებულ მედიასაშუალებად მოიხსენიებს.

გასულ კვირას ქურთმა შეიარაღებულებმა გაახმიანეს ბრალდება, რომლის თანახმადაც თურქეთის არმიამ ქიმიური იარაღი გამოიყენა “ქურთისტანის მუშათა პარტიის” წევრების წინააღმდეგ, ჩრდილოდეთ ერაყის ტერიტორიაზე.

ქურთმა შეიარაღებულებმა გაავრცელეს ვიდეოც, რომელიც, მათი თქმით, აჩვენებდა, როგორ უშვებენ თურქი სამხედროები ნივთიერებას გამოქვაბულში. მათივე თანახმად, კადრებში ჩანს, როგორ ზემოქმედებს ხსენებული ნივთიერება ორ მებრძოლზე — ქალსა და კაცზე.

PKK საუბრობს თავის 17 წევრზე, რომლებიც, მისი თქმით, მიმდინარე პერიოდში მოკლეს ასეთი იარაღით ჩრდილოეთ ერაყში.

თავის მხრივ, თურქეთის ხელისუფლებამ მკაცრად უარყო ქიმიური იარაღის გამოყენება. მისი მტკიცებით, ქვეყნის არმიის არსენალში მსგავსი იარაღი არ არის.

აღნიშნული პროცესების კომენტირებისას, თურქული სააგენტო Bianet-ის ცნობით, სებნემ ქორურ ფინჯანჯიმ თქვა:

“მე შევისწავლე ვიდეო. აშკარაა, რომ გამოყენებულია ტოქსიკური აირები, რომლებიც პირდაპირ [ზემოქმედებს] ნერვულ სისტემაზე”. მან იქვე აღნიშნა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე ეფექტური გამოძიება უნდა დაიწყოს.

ქორურ ფინჯანჯის კომენტარს ხელისუფლება მწვავედ გამოეხმაურა. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ის შეიარაღებული ძალებისადმი ცილისწამებაში და მისი ქვეყნის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

ერდოღანმა პირობა დადო, რომ მიიღებს ზომებს, რათა გაწმინდოს თურქეთის სამედიცინო ასოციაცია და სხვა პროფესიული ორგანიზაციები “ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერებისგან”.

AP News-ის ცნობით, თურქეთის მმართველი პარტიის მოკავშირემ, “ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ” ასევე მწვავედ გააკრიტიკა ქორურ ფინჯანჯი, მოითხოვა მისთვის თურქეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა და “თურქეთის სამედიცინო ასოციაციის” დახურვა.

სანამ დააკავებდნენ, ქორურ ფინჯანჯიმ თქვა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების მიზანია, “არც ერთმა ექიმმა აღარ ილაპარაკოს ამ საკითხებზე”, ესაა “ხალხის დაშინებისა და გაჩუმების მცდელობა”.

“…არაერთხელ დავამტკიცე, რომ არ გავჩუმდები, ამიტომ არ მგონია, რომ ამ გამოძიებას მე ვყავდე ამოღებული მიზანში. ეს გამოძიება მთელი საზოგადოების დაშინებას ნიშნავს. დიდი უბედურება თურქეთისთვის!” — ციტირებს მას Bianet.

ქორურ ფინჯანჯიმ ასევე გააკრიტიკა ტელევიზია, რომელსაც ინტერვიუ პირდაპირ ეთერში მისცა. ექიმისა და აქტივისტის თქმით, შემდგომ მისი კომენტარი “უპასუხისმგებლოდ” გააშუქეს და ისე წარმოაჩინეს, თითქოს მან დაადასტურა ბრალდებები ქიმიური იარაღის გამოყენებაზე.

“თურქეთის სამედიცინო ასოციაციის” ხელმძღვანელის თქმით, რეალურად მან განაცხადა, რომ სხეულის ის მოძრაობები, რომლებსაც ვიდეოში ნაჩვენები ადამიანები აკეთებენ, შეიძლება გამოწვეული იყოს ნერვულ სისტემაში ქიმიური შეღწევის ეფექტით და რომ ეფექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს, თუ არსებობს ბრალდებები ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ.

დაკავების შემდეგ მიცემულ ჩვენებაში, რომელიც თურქულ მედიაში გავრცელდა,  ქორურფინჯანჯი ამბობს, რომ ხსენებული ვიდეო ბერლინში, კონფერენციაზე ყოფნისას, თავის კოლეგებთან ერთად ნახა. მისივე სიტყვებით, არ იცნობს ადამიანს, რომელიც Medya Haber-დან დაუკავშირდა ინტერვიუზე შესათანხმებლად და არც ამ ტელევიზიისა და PKK-ს კავშირებზე იცის.

PKK 1984 წლიდან აწარმოებს შეიარაღებულ ამბოხებას თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ. დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული თურქეთში, ევროპასა და აშშ-ში.

“კომენტარი, რომელზეც თქვენ მკითხეთ და რომელიც ქიმიკატების, ტოქსიკური და მომწამვლელი გაზების შესახებ [გავაკეთე] შესწავლილი [ვიდეო]კადრების ფარგლებში, იყო წინასწარი შეფასება”, — ნათქვამია “თურქეთის სამედიცინო ასოციაციის” ხელმძღვანელის ჩვენებაში.

სებნემ ქორურ ფინჯანჯიმ, როგორც სასამართლო მედიცინის სპეციალისტმა, თავისი კარიერის დიდი ნაწილი წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების აღრიცხვაში გაატარა. ის “თურქეთის ადამიანის უფლებათა ფონდის” პრეზიდენტადაც საქმიანობდა.

Al-Monitor-ს თანახმად, “თურქეთის სამედიცინო ასოციაცია” 100 000 წევრს აერთიანებს 65 ქალაქში და და აქამდეც გამოირჩეოდა თურქეთის მთავრობების მიმართ მკაცრი კრიტიკით.

თუმცა, ასოციაციის რიტორიკა განსაკუთრებით გამწვავდა ერდოღანის ხელისუფლების ჯანდაცვის პოლიტიკის წინააღმდეგ, განსაკუთრებით, ექიმებისადმი ძალადობის ესკალაციის, ცუდი სამუშაო პირობებისა და დაბალი ხელფასების კონტექსტში.

ასოციაციასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა მეტად გაუარესდა 2019 წელს, როცა ორგანიზაციის წევრები სასამართლოს წინაშე წარდგნენ, სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის კრიტიკის გამო. ერდოღანმა ასოციაციის წევრებს “მოღალატეები” უწოდა.

“როგორც ჩანს, ხელისუფლება ასევე ორიენტირებულია მთავრობის პოლიტიკისადმი კრიტიკული პროფესიული ორგანოების გარდაქმნისა და ხელში ჩაგდების უფრო ფართო გეგმაზე”, — დასძენს უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch ასოციაციის ხელმძღვანელის დაკავების შეფასებისას.

ის ფინჯანჯის დაკავებას განიხილავს, როგორც “პოლიტიკურად მოტივირებული” საქმეებიდან ერთ-ერთს.

სამშაბათს პოლიციამ, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული რეიდების დროს, 11 ჟურნალისტი დააკავა ქურთ შეიარაღებულებთან კავშირების ბრალდებით.

ამასთან, თურქეთში ახლახან მიიღეს კანონი მედიის შესახებ, რომელიც 3 წლამდე პატიმრობას მოითხოვს თურქეთის უსაფრთხოების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომელიც გამოიწვევს “შიშს და დაარღვევს საზოგადოებრივ წესრიგს”.

ორგანიზაცია Amnesty International-მა კანონის მიღების ფაქტს უწოდა “კიდევ ერთი ბნელი დღე თურქეთში ონლაინ გამოხატვისა და პრესის თავისუფლებისთვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი