ახალი ამბები

ბრალდებები ქრისტიან დემოკრატების კანდიდატის წინააღმდეგ

12 მაისი, 2010 • • 1104
ბრალდებები ქრისტიან დემოკრატების კანდიდატის წინააღმდეგ

„ქიზიყის“ მთავარი  რედაქტორი ქრისტიან დემოკრატების მაჟორიტარი კადიდატის წინააღმდეგ ჩივილს პროკურატურაში აპირებს.

დღეს დედოფლისწყაროს ყოველდღიური გაზეთის, „ქიზიყის“ მთავარი რედაქტორის ილია მარტყოფლიშვლის  მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის სოფელ ზემო ქედის მაჟორიტარმა კანდიდატმა დედოფლისწყაროში დავით ალუღიშვილმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

გუშინ კახეთში არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“  ,არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებთან  შეხვედრა გამართა.

„ქიზიყის“ მთავარი რედაქტორი  შეხვედრას, როგორც პრესის წარმომადგენელი ისე ეწრებოდა და,  როგორც ამბობს, შეხვედრის  დროს ოთახიდან ჰოლში გავიდა, რის შემდეგაც მას  დავით ალუღიშვილი, ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის მაჟორიტარი კადიდატი გამოჰყვა.

„აღმოჩნდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში იყო. დავით ალუღიშვილი მანამდე ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ მასალებზე აღშფოთებას ყვირილით გამოხატავდა და არც მუქარა დაიშურა. მალევე არაადეკვატური გახდა, ხელი გამარტყა, გინება და მუქარა დაიწყო“, –ამბობს ქიზიყის მთავარი რედაქტორი. მისი თქმით, დავით ალუღიშვილი მისგან კატეგორიულად მოითხოვდა , რომ თავი დაენებებინა და მასზე წერა შეეწყვიტა.

გამოცემის მთავარი რედაქტორის თქმით,  “ ალუღიშვილის შესახებ „ქიზიყი“ ინტენსიურად წერდა და სწორედ ამის გამო იგი (ალუღიშვილი), ლეიბორისტული პარტიის რიგებიდან გაათავისუფლეს.

დავით ალუღიშვილი დედოფლისწყაროში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი იყო. 

 „ის ადგილობრივ ხელისუფლებასთან იყო შეკრული.  ამის შესახებ ჩვენ ინტენსიურად ვწერდით. მერე ლეიბორისტების ლიდერებმაც მოიკვლიეს და აღმოჩნდა,  რომ ეს ადამიანი არის მოღალატე. ალუღიშვილი სიის გარეთ დარჩა და ქრიასტიან –დემოკრატიულ პარტიაში სცადა თავის შეფარება. ქრისტიან– დემოკრტების ადგილობრივი ხელისუფლება კი, ამ ფაქტებს საეჭვოდ არ მიიჩნევს.

ქრისტიან– დემოკრატების პარტიის დედოფლისწყაროს თავმჯდომარე გოდერძი აბულაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ „ქიზიყის“ ჟურნალისტებმა ყველნაირი ჟურნალისტური ეთიკა დაკარგეს ასეთი ბრალდებებით.

უარყო ბრალდება ასევე დავით ალუღიშვილმაც, რომელიც ამბობს, რომ მისი მხრიდან ფიზიკური შეხება გუშინდელი შეხვედრის დროს არ ყოფილა. „ სიტყვიერი შეურაცხყოფა კი იყო. მე გაბრაზებული ვარ იმის გამო, რომ რამდეჯერაც დაწერეს ჩემს შესახებ „ქიზიყის“ ჟურნალისტებმა,  ჩემი კომენტარი ერხელაც არ მოუთხოვიათ“, – ამბობს დავით ალუღიშვილი.

თამილა გურაშვილი გაზეთ „ქიზიყის“ ჟურნალისტია. იგი ამბობს, რომ პირადად თვითონაც აუღია დავით ალუღიშვილსგან  კომენტარი .“ ეს მასალები არსებობს და დაინტერესების შემთხვევაში წარვადგენთ. რაც შეხება გუშიდელ ინციდენტს, პირადად შევესწარი ალუღიშვილის მხრიდან „ქიზიყის“ მთავარ რედაქტორზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს და უარყოფას  აზრი არ აქვს“.

– „დავით ალუღიშვილის ფიგურისთვის  თავის დანებებას არ ვაპირებთ,  ნებისმიერი ინფორმაცია მოხვდება გამოცემაში“, – ამბობს „ქიზიყის“ მთავარი რედაქტორი, რომელიც უახლოეს დღეებში დავით ალუღიშვილის წინააღმდეგ ჩივილს პროკურატურაში აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი