ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი ვიქტორ ორბანს შეხვდა

27 ოქტომბერი, 2022 • 1005
ირაკლი ღარიბაშვილი ვიქტორ ორბანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში 26 ოქტომბერს გაემგზავრა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის თანახმად, ორბანმა ღარიბაშვილს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.

“კოლეგებმა საქართველო-უნგრეთის ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს”, — ვკითხულობთ პრესრელიზში.

მანამდე ღარიბაშვილი უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს, ლასლო კოვერს შეხვდა, რა დროსაც, მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პრესპექტივებზე, ასევე, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე და იქ შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს.

ორბანი მიმდინარე წლის აპრილში მეოთხე ვადით გახდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, წინასაარჩევნოდ უნგრეთის ხელისუფლება ცდილობდა დაერწმუნებინა ამომრჩეველი, რომ მას შეუძლია ქვეყნის დაცვა ომისგან, ოპოზიციას კი — არა.

ორბანი კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ. მას შემდეგ, რაც არჩევნებში გაიმარჯვა, ორბანმა თავის ოპონენტებს შორის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი