პოლონეთის სენატმა (პარლამენტის ზედა პალატა) 85 ხმით, ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას ტერორისტულ რეჟიმად ცნობს.

სენატი გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინაში და მოუწოდებს ყველა ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად აღიარონ.

რეზოლუციაში სენატორები იხსენებენ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა სასტიკი ომი წამოიწყეს უკრაინასთან, სურდათ ამ სუვერენული ქვეყნის რუკიდან წაშლა და მისი ერის განადგურება. ისინი ხაზს უსვამენ, რომ უკრაინის მოქალაქეების მიერ დამოუკიდებლობის გმირულმა დაცვამ მთელი თავისუფალი სამყაროს აღფრთოვანება გამოიწვია.

„უკრაინა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია, რომელიც იცავს დემოკრატიას და თავისუფლებას“, — ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ რუსი დამპყრობლები ატერორებენ უკრაინის ქალაქების მცხოვრებლებს სამოქალაქო ობიექტების დაბომბვით, აწამებენ და კლავენ სამხედრო ტყვეებს და სამოქალაქო პირებს, იტაცებენ უკრაინელ ბავშვებს.

პოლონეთის სენატორების შეფასებით, ევროპელებს სჯეროდათ, რომ მათ აღარასოდეს დაემუქრებოდნენ გენოციდითა და ომის დანაშაულებით, ამასობაში ვლადიმერ პუტინი და მისი ძალადობის აპარატი დაუბრუნდა სტალინური და ნაცისტური რეჟიმების სასტიკ პრაქტიკას.

„ამიტომ რუსეთი უნდა დავამარცხოთ და ჩამოერთვათ მეზობლების საფრთხის ქვეშ დაყენების შესაძლებლობა“, — ნათქვამია რეზოლუციაში.

ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის შემდეგ, პოლონეთი მეოთხე ქვეყანაა, რომლის საკანონმდებლო ორგანომ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადა. გარდა ამისა, რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად გამოაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ.