ახალი ამბები

ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში მედია იდევნება – ომბუდსმენობის კანდიდატი

26 ოქტომბერი, 2022 • 1247
ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში მედია იდევნება – ომბუდსმენობის კანდიდატი

სახალხო დამცველობის კანდიდატის თინათინ ერქვანიას განცხადებით, ვერ იტყვის, რომ საქართველოში მედია იდევნება.

ამის შესახებ მან დღეს,  26 ოქტომბერს,  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე მოსმენისას განაცხადა.

ერქვანიას კითხვა დაუსვა „ქართული ოცნების“ წევრმა ანრი ოხანაშვილმა.

„არის თუ არა საქართველოში დაცული გამოხატვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი უმაღლეს დონეზე გარანტირებული“, – ჰკითხა ოხანაშვილმა ერქვანიას.

ერქვანიას თქმით, მედიის თავისუფლების კონტექსტში საქართველოში გამოხატვის თავისუფლება პრობლემატური არაა.

„მე ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში მედია იდევნება. იმიტომ, რომ ამ დღეებში ძალიან ბევრი ჟურნალისტი მიკავშირდებოდა, მწვავე კითხვები ჰქონდათ და ა.შ.

მე ვერ ვიტყვი, რომ მედიის თავისუფლების კონტექსტში საქართველოში გამოხატვის თავისუფლება პრობლემატურია. გვარამიას ქეისზე რომ ვისაუბროთ, ის საერთოდ სხვა ნიშნული მგონია“, – განაცხადა თინათინ ერქვანიამ.

როგორც ანრი ოხანაშვილმა კომიტეტზე თინათინ ერქვანიას მოსმენისას განაცხადა, ის და ერქვანია ერთმანეთს ახლოს იცნობენ და დისერტაციებზე მუშაობისას აზრი არაერთხელ გაუცვლიათ.

ოხანაშვილის თქმით, ერქვანიას საკმაოდ გამორჩეული აკადემიური ცოდნა და გამოცდილება აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„გისურვებთ წარმატებას და მსურს, ადამიანურად, პროფესიულად, როგორც ადამიანს, რომელთან ერთადაც არაერთი აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონია, გვისაუბრია ძალიან ბევრ საკითხზე, რომელთან ერთადაც დისერტაციის პროცესში მეც და ქალბატონი თინათინიც ვცვლიდით აზრებს. მინდა გისურვოთ წარმატებები და გამოგიცხადოთ პროფესიული მხარდაჭერა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი