ახალი ამბები

სობჩაკის სახლი გაჩხრიკეს, მან რუსეთი დატოვა — რუსეთის სახელმწიფო მედია

26 ოქტომბერი, 2022 • 957
სობჩაკის სახლი გაჩხრიკეს, მან რუსეთი დატოვა — რუსეთის სახელმწიფო მედია

რუსეთის სახელმწიფო მედიის თანახმად, ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა რუსეთი დატოვა. აღნიშნულს წინ უძღოდა ცნობები პოლიციის მიერ სობჩაკის სახლის ჩხრეკის შესახებ.

სააგენტო TASS-მა 26 სექტემბერს, სამართალდამცავ უწყებებში წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა,, რომლის თანახმადაც პოლიციამ მოსკოვის ოლქში სობჩაკის კუთვნილი აგარაკი გაჩხრიკა. მასალის მიხედვით, ჩხრეკა კავშირში იყო სობჩაკის მედიაჰოლდინგის, “Осторожно Media”-ს კომერციული დირექტორის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით, გამოძალვის ბრალდებით.

ამ ფონზე კიდევ ერთი სახელმწიფო გამოცემა Ria Novosti ასევე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სობჩაკი რუსეთში აღარ იმყოფება და ლიეტუვაში გაემგზავრა ბელარუსის გავლით. თუმცა, როგორც სააგენტო აღნიშნავს, წყაროს არ დაუკონკრეტებია, რას უკავშირდება სობჩაკის გამგზავრება.

ტელეგრამზე მოქმედი ოპოზიციური არხის, Baza-ს მიხედვით, ძალოვნები “სობჩაკის დასაკავებლად” მივიდნენ მოსკოვში მდებარე იმ აეროპორტში, საიდანაც, სავარაუდოდ, გაფრენას აპირებდა. Baza-ს წყაროს თანახმად, პოლიციას ჰქონდა გამომძიებლის ბრძანება სობჩაკის დაკავებაზე, თუმცა ამ უკანასკნელმა “გაქცევა მოახერხა”.

მეორე მხრივ, სახელმწიფო მედია წერს, რომ თავად სობჩა ხსენებულ საქმეში ეჭვმიტანილი არ არის, მისი მედიაჰოლდინგის კომერციული დირექტორი კირილ სუხანოვი კი მიმდინარე კვირაში უკვე დააკავეს.

მანამდე სობჩაკმა ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა და დაუკავშირა მის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს რუსეთის ციხეებში პატიმართა წამებაზე.

სობჩაკი წერდა, რომ გასულ 1 თვეში, სუხოვის გარდა, მისი მედიაჰოლდინგის კიდევ სამი თანამშრომელი დააკავეს. მათ შორის არიან ჟურნალისტები და ოპერატორი.

ქსენია სობჩაკი სანქტ-პეტერბურგის ყოფილი მერისა და პუტინის “პოლიტიკური მასწავლებლის”, ანატოლი სობჩაკის ქალიშვილია. გასულ წლებში ძირითადად რუსულ ლიბერალურ პოლიტიკურ წრეებში ტრიალებდა და 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა.

სობჩაკი რუსეთის ხელისუფლებას არაერთგზის აკრიტიკებს, თუმცა ოპოზიციის ნაწილში საკამათო ფიგურად რჩება, ზოგიერთი კი კრემლთან კავშირებშიც ადანაშაულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი