სახალხო დამცველობის კანდიდატი თინათინ ერქვანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ადგილას, [სანდრო გირგვიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეებზე] სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, პოლიტიკას ჩამოშორდებოდა, თუმცა ამბობს, რომ ზოგიერთ საქმეში ჩანს, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია.
26 ოქტომბერს, საპარლამენტო მოსმენისას, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის კითხვაზე, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი, ერქვანიამ განაცხადა:
„ძალიან რთულია მმართველობის იმ პერიოდზე მსჯელობა, რაც მაშინ იყო საქართველოში… 2010 წელს ვმუშაობდი განათლების სამინისტროში და უშუალოდ აღმოვჩნდი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული. დანაშაულთა შემადგენლობა, რომლის ფარგლებშიც სააკაშვილი ბრალდებულია, რაღაცნაირად, განსაზღვრულობის კონტექსტში, პრინციპში, პრობლემური შეიძლება იყოს“.
დამაზუსტებელ კითხვაზე ერქვანიამ დააზუსტა სიტყვა „პოლიტპატიმრის“ მნიშვნელობა და თქვა, რომ „ეს უფრო პოლიტიკური კონტექსტია, ვიდრე სამართლებრივი“; ეს არის „პოლიტიკურ-სამართლებრივი ტერმინი და მკაფიო კრიტერიუმები ამის განსასაზღვრად, თუ ვინ არის და როგორ აღიწერება, არაერთგვაროვანია“.
„გავრცლებული დეფინიციით, ეს არის შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირი პოლიტიკური მიზნებით (დომინირებს პოლიტიკური ნიშნული) არის მსჯავრდებული ან ბრალდებული. თუ გადავხედავთ დანაშაულებს, რომლის ფარგლებშიც მას დაედო მსჯავრი და განიხილება პოლიტპატიმრად ან არ განიხილება ასეთად, მე კითხვის ნიშნები მიჩნდება. მაგალითად, პიჯაკების საქმეზე“, – განაცხადა მან…
ღუდუშაურის დამაზუსტებელ კითხვაზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების ფონზე სააკაშვილის „პოლიტპატიმრობასთან“ დაკავშირებით, ერქვანიამ განაცხადა:
„გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სამივე შტო ხელისუფლებისა მონაწილეობდა [დანაშაულში], პრეზიდენტსაც დაედო ბრალი შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. [თუმცა] უშუალოდ ეს ჩანაწერი პირდაპირ, ავტომატურად, საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენლობას, ცხადია, არ ქმნის“.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, მე რომ ვიყო ბატონი მიხეილ სააკაშვილის ადგილას, მინიმუმ, უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი. ჩამოვცილდებოდი პოლიტიკურ პროცესებს დიდი ხნის განმავლობაში, ან შესაძლოა საერთოდ, ან შეიძლება არც. ეს მისი გადასაწყვეტია“, – განაცხადა მან.
ერქვანიამ ასევე თქვა, რომ სააკაშვილს რამდენიმე ბრალდება და მსჯავრი აქვს და შეფასებები განსხვავებულია: „მაგალითად, შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების სტანდარტი – აქ პრეზიდენტი ფლობს აბსოლუტურ პრეროგატივას, ვის შეიწყალებს და ვის არა. შესაბამისად, სამართლებრივად, ამ შეწყალების უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ჩართვა სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულებისა პრობლემური მგონია. თუ მხოლოდ ამ შემთხვევას ავიღებთ, ჩემთვის პოლიტპატიმარია“, – განაცხადა მან.
ღუდუშაურის მორიგ კითხვაზე ერქვანიამ განაცხადა:
„არის თუ არა ბატონი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი, ძალიან პოლიტიკური კითხვაა. თუკი სტრასბურგის სასამართლოს ვენდობით, რატომ არ ვენდობით [ევროსაბჭოს საპარლამენტო] ასამბლეას, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ის არის პოლიტპატიმარი? თუ ის არ არის პოლიტპატიმარი, მაშინ რა მოხდა ასამბლეაზე? ძალიან რთული კითხვაა“.
სააკაშვილის ბრალდებების საკითხზე გირჩევთ „ნეტგაზეთის“ არქივიდან: