ახალი ამბები

ვთვლი, კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ამ მომენტისთვის სწორი ჩანაწერია – გაფრინდაშვილი

26 ოქტომბერი, 2022 • 1058
ვთვლი, კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ამ მომენტისთვის სწორი ჩანაწერია – გაფრინდაშვილი

სახალხო დამცველობის კანდიდატის, ლელა გაფრინდაშვილის განცხადებით, კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერი სწორად მიაჩნია.

ამის შესახებ მან დღეს, 26 ოქტომბერს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას განაცხადა.

გაფრინდაშვილს „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა ჰკითხა, მიიჩნევს თუ არა, რომ კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერი სწორია.

გაფრინდაშვილის თქმით, ეს უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის საკითხი.

„მე ვთვლი, რომ ამ მომენტისთვის სწორი ჩანაწერია. განგსტერულ ფილმებში რომ საკონტროლო გასროლაა, თქვენი შეკითხვა ეგეთია. თქვენ მეკითხებით, როგორ ვუყურებ მე სექსუალურ უმცირესობებს და მათ შორის ქორწინებას. ეს არის ძალიან საკამათო საკითხი და უნდა იყოს საგანი ფართო საზოგადოებრივი დისკუსიების და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის. ამიტომ, პოლიტიკური მანიპულაციებით მე ამ საკითხის წამოწევას არ ვეთანხმები. ეს უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის საკითხი“, —განაცხადა ლელა გაფრინდაშვილმა.

მათიკაშვილმა გაფრინდაშვილს ასევე ჰკითხა, როგორ აფასებს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დამოკიდებულებას სხვა კონფესიებთან მიმართებით.

„არ ვთვლი, რომ რამე შეზღუდვები არსებობს ან რომელიმე კონკრეტული კონფესია იზღუდება. მე, მაგალითად, ორი წელი ვიმუშავე საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომელიც სრულიად სტერილურია სხვა კონფესიების მიმართ. შეიძლება, კომერციულ ტელევიზიებს ვერ მოვთხოვოთ, ყველა კონფესია წარმოადგინოს, მაგრამ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ვალდებულება“, — უპასუხა გაფრინდაშვილმა.

მოგვიანებით პარლამენტარის ხათუნა სამნიძის დამაზუსტებელ კითხვაზე, რატომ თვლის გაფრინდაშვილი, რომ „იმ მომენტისთვის“ სწორი იყო ეს გადაწყვეტილება და რას გულისხმობდა „იმ მომენტში“, სახალხო დამცველობის კანდიდატმა უპასუხა, რომ როცა „მომენტზე“ საუბრობდა, გულისხმობდა იმ ვითარებას, „რაშიც ვიმყოფებით“, და განმარტა:

„მე ძალიან კარგად ვიცნობ იმ ორგანიზაციებს, ვინც სექსუალური უმცირესობებისა და სხვადასხვა გენდერული იდენტობის ადამიანების პრობლემებზე მუშაობენ. მათ აქვთ ექსპერტული ცოდნა რეალობაზე, თუ რა სჭირდებათ ამ ადამიანებს. ჩემი პოზიცია პირდაპირ დაკავშირებული იქნება მათ მტკიცებულებებზე დაყრდნობილ შეხედულებებთან ამ თემაზე. თუმცა ღრმად ვარ დარწმუებული, რომ ეს არის საკითხი, რომელსაც სჭირდება ფართო საზოგადოებრივი დისკუსია და კონსენსუსი. არ შეიძლება პოლიტიკური მანიპულაცია ამ საკითხებით“.

სამნიძის დამაზუსტებელ კითხვაზე, „არის თუ არა ამის კონსტიტუციაში ჩაწერა პოლიტიკური მანიპულაცია ყველანაირი მსჯელობის გარეშე, – როცა ქვიარ ორგანიზაციებიც ეწინააღმდეგებიან ჩანაწერის გაკეთებას მაშინ, როცა არც არავინ ითხოვდა ამას“, – გაფრინდაშვილმა უპასუხა:

„ჩაწერის მომენტი არ მახსოვს და დისკუსიები არ მახსოვს, მაგრამ ამ ჩაწერასთან დაკვაშირებითაც ვეთანხმები დისკუსიებს. ნებისმიერი, რაც კეთდება ისეთ ფუნდამენტურ დოკუმენტში, როგორიც კონსიტუტციაა, ასევე უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი განხილვების და კონსენსუსის საგანი. თუ [ასეთი განხილვები] არ ყოფილა, ესე იგი, არ არის სწორი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი