თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში პარკებსა და სკვერებში განათების ბოძებს დამცავ ხუფებს ხსნიან. მისი თქმით, ამგვარი ქმედება მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველია
„ასეთ ფაქტებს ყოველთვის აქვს შესაბამისი რეაგირება – ხდება დაზიანებული ინვენტარის აღდგენა და განათების ბოძებზე მოპარული ხუფების თავიდან მონტაჟი, მაგრამ თავად ფაქტი დიდი პრობლემაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მან მოუწოდა მოქალაქეებს, შეატყობინონ მუნიციპალიტეტს ასეთი შემთხვევები.
„მოგმართავთ თქვენ, მოქალაქეებს, თხოვნით, ნუ აუვლით გულგრილად გვერდს მსგავს ფაქტებს, დააფიქსირეთ და მოგვაწოდეთ ყოველი ასეთი შემთხვევა მერიის ცხელ ხაზზე ან მუნიციპალიტეტის სოციალური გვერდების მეშვეობით. გამგეობებს კი ვავალებ, კიდევ უფრო გაასმაგებული ყურადღებით განაგრძონ მონიტორინგი და დაზიანებულის აღდგენა“, – განაცხადა კახა კალაძემ.