ახალი ამბები

„მეტი ობიექტურობა წარმოგიდგენიათ? იკრიბება კონფერენცია და ფარულად აძლევენ ხმას“ – მურუსიძე

25 ოქტომბერი, 2022 • 655
„მეტი ობიექტურობა წარმოგიდგენიათ? იკრიბება კონფერენცია და ფარულად აძლევენ ხმას“ – მურუსიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახლა არჩეული მოსამართლე წევრი ლევან მურუსიძე არ იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის კრიტიკას და აცხადებს, რომ მოსამართლეთა კონფერენცია საბჭოს წევრებს ფარული კენჭისყრით, ობიექტურად ირჩევს:

„უფრო მეტი ობიექტურობა სადმე წარმოგიდგენიათ? როდესაც იკრიბება მოსამართლეთა კონფერენცია და ისინი ფარული კენჭისყრით აძლევენ კანდიდატს ხმას. რასაც მე გეუბნებით, ის მოისმინეთ და უფრო წინ იქნება არასამთავრობოების საქმეს, სხვათა შორის, ჭორებზე რომ აგებენ რაღაც სიტუაციებს.

გამოდიან არასამთავრობოები და გვლანძღავდნენ „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით, აღმოჩნდა მერე, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმე იყო სწორი და კანონიერად გადაწყვეტილი. ვინმემ მოიხადა ბოდიში? ამიტომ ეს არის უპასუხისმგებლო არასამთავრობო ორგანიზაციები, უზრდელები პირდაპირ“, – აცხადებს ლევან მურუსიძე.

ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი, მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილებით, კვლავ გახდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე 2013-2017 წლებში იკავებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტს. დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2017-2021 წლებში იყო.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გოგინაშვილმა და გოჩა აბუსერიძემ მოსამართლეთა კონფერენციას თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართეს. დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა ვაკანტურ ადგილას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა, ლევან მურუსიძემ კი საკუთარი თავი თავად დაასახელა. ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად მხოლოდ მურუსიძის და გვრიტიშვილის კანდიდატურები დასახელდა, მოსამართლეთა კონფერენციამ ორივე მათგანს მხარი დაუჭირა. ლევან მურუსიძემ 268 ხმა მიიღო, გვრიტიშვილმა კი — 267.

მურუსიძისა და გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელახლა დანიშვნას აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციაში. კოალიციაში “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” შემავალმა ორგანიზაციებმა დღეს განცხადებაც გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ეს გადაწყვეტილებები აძლიერებს სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობას და ხელს უშლის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის განაცხადის პასუხად გაცემული ევროკომისიის რეკომენდაციებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი