ახალი ამბები

თუ ამირჩევენ, მთავარი თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება იქნება – აბაშიძე

25 ოქტომბერი, 2022 • 846
თუ ამირჩევენ, მთავარი თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება იქნება – აბაშიძე

დღეს, 25 ოქტომბერს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო.

პირველი, ვისაც კომიტეტზე უსმენენ, ანა აბაშიძეა, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაასახელეს. აბაშიძეა ასევე ის კანდიდატი, რომელმაც შეფასების კომისიის მიერ უმაღლესი ქულები მიიღო.

კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა იმ საკითხებზე, რაზეც მისი არჩევის შემთხვევაში იმუშავებს. მისი თქმით, ყველა მიმართულებით დიდი შრომაა გასაწევი და მათ შორის გამოყო: თანასწორობის პოლიტიკა, გენდერულ თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, შრომითი უფლებები, შშმ და ლგბტქ პირების უფლებები და ა.შ.

“რაზე უნდა ვიმუშაოთ შემდეგი 6 წლის განმავლობაში – თუ ჩემზე იქნება არჩევანი, პირველი, მთავარი არის თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება, რომელიც პირველ რიგში მიემართება ყველა ადამიანს, ვინც უმცირესობას წარმოადგენს, ყველა სფეროს.

ყველა ადამიანს, ვინც ცხოვრობს საქართველოში, უფლება აქვს ისარგებლოს საერთო სიკეთეებით, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ვქმნით და ვინაწილებთ. სამწუხაროდ, ეს განაწილება არ არის სამართლიანი”, – განაცხადა ანა აბაშიძემ.

ამასთან ,აბაშიძემ აღნიშნა, რომ სახალხო დამცველს უნდა შეეძლოს ყველასთან დიალოგი და თანამშრომლობა, მიუხედავად მისი იდეოლოგიური თუ პოლიტიკური კუთვნილებისა.

“არ არსებობს პოლიტიკური ფერები, არ არსებობს პოლიტიკური გემოვნება, არ არსებობს იდეოლოგიური სხვაობა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, ადამიანს დაეხმარები თუ არა და ამის უბრალოდ, უნდა გჯეროდეს.

მეორე, უნარი უნდა გქონდეს, რომ დადო შენი სუბიექტური შეხედულებები მაგიდაზე და ისე იმუშაო, რომ არ გადაგძლიოს შენმა შეხედულებებმა“, – განაცხადა ანა აბაშიძემ.

პარლამენტმა ომბუდსმენობის 19 კანდიდატს უნდა მოუსმინოს. დღესვე მოუსმენენ კიდევ ორ კანდიდტს, გიორგი ბურჯანაძესა და მარიკა არევაძეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი