ახალი ამბები

ოპოზიცია კალაძეს საკრებულოში იბარებს

25 ოქტომბერი, 2022 • 568
ოპოზიცია კალაძეს საკრებულოში იბარებს

თბილისის საკრებულოში წარმოდგენილი ოპოზიციონერი და დამოუკიდებელი დეპუტატები დედაქალაქის მერს რიგგარეშე სხდომაზე იბარებენ. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, სხდომა 31 ოქტომბერს გაიმართება და იმედი აქვთ, თბილისის მერი დედაქალაქში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კითხვებს უპასუხებს.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიის შემდეგ მათ კახა კალაძესთან კითხვები აქვთ:

„ჩვენს ქალაქში რამდენიმე დღის წინ უდიდესი ტრაგედია მოხდა. ტრაგედია, რომელმაც შეგვძრა ყველა. სამწუხაროდ, ჩვენს ქალაქში ცხოვრება აღარ არის უსაფრთხო. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვა დედაქალაქის მერთან და გვაქვს უფლება იგი საკრებულოში დავიბაროთ. მერიაც, საკრებულოც, მთავრობაც და ოპოზიციაც მოქალაქეებმა აგვირჩიეს და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა ჩვენი ვალდებულებაა.

ბატონო კახა, გელოდებით საკრებულოში, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და ჩვენს ქალაქზე, ბავშვებზე და მოქალაქეებზე ზრუნვას პოლიტიკურ სპეკულაციად ნუ ჩათვლით, რადგან ეს ჩვენი ვალდებულებაა“,- განაცხადეს თბილისის საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა ჯერ კიდევ გუშინ ჰკითხეს თბილისის მერს.   კალაძემ განცხადა, რომ საკრებულოში მაშინ მივა, როცა „საჭირო იქნება“ და კითხვებსაც პასუხს გასცემს, როცა „ამის დრო იქნება“:

„კახა კალაძეს არასდროს დაუხევია უკან ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე.  ახალი არჩეული რომ იყო საკრებულო,  დავაფიქსირე ჩემი მზაობა თანამშრომლობაზე. მაგრამ თანამშრომლობა ცალმხრივი ვერ იქნება. ჩვენ გვახსოვს მათი განცხადებები, ცილისწამება. ყველაფერს კადრულობენ. შესაბამისად, მე გადავწყვეტ მისვლას. მივალ როცა საჭირო იქნება და გავცემ შეკითხვებს პასუხს,  როცა ამის დრო იქნება“, – თქვა კახა კალაძემ 24 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრისას.

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში, ახლად გახსნილ შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად 13 წლის ორი ბიჭი შევიდა, რომლებსაც დენმა დაარტყა. მეგობრების დასახმარებლად წყალში ჩავიდა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 9 პირი. მათ შორის არიან პარკის შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართული კომპანიის “გრინსერვის პლუსის” დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. ასევე დააკავეს შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი “მშენ-ექსპერტის” წარმომადგენლები.

დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი 19 ოქტომბერს წარუდგინა სამსახურებრივი, ასევე, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენების და გასაღების ფაქტებზე. როგორც “გრინსერვის პლუსის”, ისე “მშენ-ექსპერტის” თანამშრომელთა ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფნი ბრალს არ აღიარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი