ახალი ამბები

ზელენსკი ისრაელს: დროა, გადაწყვიტოთ, ვის მხარეს ხართ

24 ოქტომბერი, 2022 • 675
ზელენსკი ისრაელს: დროა, გადაწყვიტოთ, ვის მხარეს ხართ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელური მედიასაშუალება Haaretz-ის ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისრაელს მოუწოდა, რუსეთ-უკრაინის ომში მკაფიო პოზიცია დაიკავოს.

„დროა, თქვენმა სახელმწიფომ გადაწყვიტოს, ვის მხარეს არის… არის ისრაელი დემოკრატიულ სახელმწიფოებთან ერთად, რომლებიც მხარდამხარ ებრძვიან ეგზისტენციალურ საფრთხეს, თუ არის მათ მხარეს, ვინც თვალებს ხუჭავს რუსულ ტერორზე?“ — თქვა ზელენსკიმ წინასწარ ჩაწერილ ვიდეომიმართვაში.

ზელენსკიმ ისრაელი გააფრთხილა, რომ რუსეთ-ირანის თანამშრომლობა სამხედრო სფეროში ისრაელისთვისაც სახიფათო იქნება.

„კითხვა მაქვს თქვენთან: როგორ გგონიათ, როგორ გადაუხდის რუსეთი ირანს ამისთვის [სამხედრო დრონების მიწოდება]? დაინტერესებულია ირანი ფულით? ალბათ, ფულით არა, მაგრამ ირანის ბირთვულ პროგრამაში რუსეთი დახმარებით, კი. სავარაუდოდ, ეს არის რუსეთ-ირანის ალიანსის ზუსტი არსი. და ეს ალიანსი არ შედგებოდა, თუ თქვენი პოლიტიკოსები მიიღებდნენ ერთადერთ გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენ ვითხოვდით.“

უკრაინა ისრაელს ომის დაწყებიდან სთხოვს სამხედრო დახმარებას, მათ შორის, საჰაერო თავდაცვით სისტემებს, მაგრამ უშედეგოდ. აღნიშნულ ომში ისრაელი ნეიტრალურ პოზიციაზეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი