ახალი ამბები

სახალხო დამცველი გმობს ნატა ფერაძეზე თავდასხმის ფაქტს

24 ოქტომბერი, 2022 • 869
სახალხო დამცველი გმობს ნატა ფერაძეზე თავდასხმის ფაქტს

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს აქტივისტ ნატა ფერაძის მანქანაზე ავტომანქანის საღებავებით მოხატვისა და მასზე შეურაცხმყოფელი წარწერების დატოვების შესახებ და მომხდარს გმობს.

თავად ნატა ფერაძე აღნიშნულის სავარაუდო მიზეზად ასახელებს თბილისის მერისადმი ბოლო პერიოდში გამოთქმულ კრიტიკასა და „ალტ-ინფოს“ წინააღმდეგ გახმიანებულ პოზიციას.

„სახალხო დამცველი გმობს ზემოხსენებული თავდასხმის ფაქტს, როგორც სამოქალაქო აქტივისტის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ანგარიშსწორებას, რომლის მიზანიც ქვეყანაში უფლებადაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის დამაშინებელი გარემოს შექმნაა.

ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების საჯარო განხილვა უფლებადაცვით საქმიანობას განეკუთვნება, რომელსაც არსებითი წვლილი შეაქვს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. უფლებადამცველთა შეუფასებელი როლის გათვალისწინებით, საერთაშორისო დონეზე მათ დასაცავად, არაერთი გარანტიაა შექმნილი, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, მათ შორის, დაიცვას აქტივისტები მესამე პირთა მხრიდან განხორციელებული თავდასხმებისგან, ხოლო ასეთი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, უზრუნველყოს ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება დაუსჯელობის გარემოს თავიდან ასაცილებლად“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, ჩაატარონ დროული და ყოვლისმომცველი გამოძიება ნატა ფერაძის ავტომანქანის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირების და მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.

„საგულისხმოა, რომ უფლებადამცველთა მიმართ მტრული გარემოს შექმნას გარკვეულწილად ხელს უწყობს, წლების განმავლობაში, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები, რაც სახალხო დამცველმა წარსულში არაერთხელ შეაფასა მიუღებელ პრაქტიკად.

ამდენად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ უფლებადამცველთა წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიებში ჩართვისგან და საჯაროდ დაგმონ მათ მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები“, – აცხადებს სახალხო დამცველი.


შაბათს, 22 ოქტომბერს, გვიან ღამით,  აქტივისტ ნატა ფერაძის მანქანაზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს.

როგორც ნატა ფერაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, მანქანაზე წარწერების დატოვებას უკავშირებს თავის ბოლოდროინდელ აქტივობას. კერძოდ, ნატა ფერაძე ბოლო დღეებია აქტიურად აპროტესტებს ვაკის პარკში მომხდარს  უბედურ შემთხვევას, რასაც 13 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.

როგორც ნატა ფერაძე ამბობს, კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა და ამჟამად ექსპერტიზა მიმდინარეობს. ნატა ფერაძის თქმით, არსებობს ვიდეოჩანაწერიც.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი