ახალი ამბები

არ გაინტერესებთ ოჯახის უბედურება, მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგი გაქვთ — კალაძე ჟურნალისტს

24 ოქტომბერი, 2022 • 707
არ გაინტერესებთ ოჯახის უბედურება, მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგი გაქვთ — კალაძე ჟურნალისტს

თბილისის მერ კახა კალაძეს არ მოეწონა კითხვა, რომელიც მას „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა დაუსვა ვაკის პარკის შადრევანთან დაკავშირებით.

კალაძემ ჟურნალისტი დაადანაშაულა, რომ მას აქვს „პოლიტიკური დღის წესრიგი“ და „არ აინტერესებს ოჯახის უბედურება“.

დღეს, 24 ოქტომბერს, ჟურნალისტმა თბილისის მერს  მიმართა შემდეგი შეკითხვით: “ამ დღეს [13 ოქტომბერს] მოადგილე გეუბნებათ თქვენ, რომ ხელით მართვაზეა გარკვეულწილად შადრევანი. რატომ იყო ხელით მართვაზე? თუკი ბოლომდე გამართული არ იყო, რა გეჩქარებოდათ ამ შადრევნის გახსნა?”.

რაზეც კალაძემ უპასუხა:

“ამასთან დაკავშირებით თქვენ მოგეცათ ახსნა-განმარტება, თუმცა თქვენ გაქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი და პოლიტიკური ნარატივი. საერთოდ არ გაინტერესებთ, რეალურად რომ ვთქვათ, რა მოხდა. საერთოდ არ გაინტერესებთ იმ ოჯახის უბედურება, საერთოდ არ გაინტერესებთ გარდაცვლილი ახალგაზრდა. თქვენ გაქვთ მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგი, როგორმე კახა კალაძე გადადგეს, გადააყენოთ, იმისთვის, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები და აჯანჯღაროთ ქვეყანა. საერთოდ არ გაინტერესებთ სამართლებრივი მხარე, რა ხდება. რა ხდება რეალურად, რა იყო პრობლემა, რატომ არ იმუშავა დამცავმა სისტემებმა და ა.შ…

…რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, როდესაც ჩემი მოადგილე მესაუბრა. ამასთან დაკავშირებით თქვენ მოგეცათ ახსნა-განმარტება და ძალიან კარგად იცით, რომ უსაფრთხოებასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. საუბარი იყო განათებების და წყლის ამოფრქვევების რეჟიმებზე”.

ამასთან, მისი თქმით, ტყუილია, რომ შადრევანი არ იყო დასრულებული, მიღება-ჩაბარების აქტი 26 აგვისტოს გაფორმდა და სანამ ოფიციალურად გახსნიდა  შადრევანს, მიმდინარეობდა “ტესტირებები, სანათების, წყლის ამოფრქვევების გასწორება და ა.შ.”

დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რატომ არ იმუშავა დამცავმა სისტემამ, როცა შადრევანში დენმა გაჟონა, კალაძემ განაცხადა, რომ ამ კითხვაზე პასუხს ვერ გასცემდა და ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ.

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩასულ 2 მოზარდს დენმა დაარტყა, რომლებიც გადარჩნენ. მათ საშველად შადრევანში ჩასული 13 წლის მარიტა მეფარიშვილი კი დაიღუპა. შადრევანი ამ შემთხვევის წინა დღეს თავად კახა კალაძემ გახსნა საზეიმოდ.

საქმეზე 9 პირია დაკავებული, მათ შორის, მერიის თანამშრომელი.

დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი 19 ოქტომბერს წარუდგინა სამსახურებრივი, ასევე, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენების და გასაღების ფაქტებზე.

როგორც “გრინსერვის პლუსის”, ისე “მშენ-ექსპერტის” თანამშრომელთა ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფნი ბრალს არ აღიარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი