ახალი ამბები

არ ვიცი ომის დაწყებასა და სტატუსის მიღებას შორის კავშირი – დარჩიაშვილი

20 ოქტომბერი, 2022 • 573
არ ვიცი ომის დაწყებასა და სტატუსის მიღებას შორის კავშირი – დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ არ იცის, რა კავშირია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასა და ომის დაწყებას შორის.

ასე უპასუხა მან დღეს, 20 ოქტომბერს, პარლამენტში კიღხვას, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ დაუსვა.

კერძოდ მანჯგალაძემ საგარეო საქმეთა მინისტრს ჰკითხა:

„როცა კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, „ქართული ოცნების“ ლიდერები საუბრობდნენ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ერთი ვერსია იყო, იმის გამო არ მოგვცეს, რომ საქართველო საომარ მდგომარეობაში[…] იყო საუბარი, რომ ბიძინა ივანიშვილს აძალებდნენ ომის დაწყებას, თქვენთვის ხომ არ არის ცნობილი, ვინ და რა ვითარებაში, ფორმალურად ან არაფორმალურად, ვინ აძალებდა ბიძინა ივანიშვილს ომის დაწყებას?[…]

ასევე, სუვერენიტეტის დათმობა არის ევროკავშირში გაწევრიანებაო, თუ გიგრძვნიათ სადმე სუვერენიტეტის დათმობაზე ან ომის დაწყებაზე მინიშნება“, – ჰკითხა პაატა მანჯგალაძემ საგარეო საქმეთა მინისტრს.

მანჯგალაძის კითხვის პასუხად დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს, რაზე საუბრობს.

„ბატონი პაატას კითხვის ერთი ხაზი იყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის კავშირი ომის დაწყებასთან, მე არ ვიცი ამ ორ საკითხს შორის კავშირი, წარმოდგენა არ მაქვს, რაზე საუბრობთ. სტატუსის მისაღებად საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

რაც შეეხება თქვენს ციტირებულ მოსაზრებას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე სუვერენიტეტის დათმობის მიმართულებით, მე გეტყვით, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი კონსტიტუციური ნორმა და ჩვენი ქვეყნისა და ხალხის გათვიცნობიერებული არჩევანი. ჩვენ ამ მიმართულებით აუცილებლად გვექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგები.

რაც შეეხება სუვერენიტეტის დათმობას, საქართველო იმ საერთო ევროპულ ოჯახში ზუსტად იმ დოზით დათმობს სუვერენიტეტს, რა დოზითაც დათმობილი აქვს ყველა განვითარებულ ევროპულ ქვეყანას, რადგან ამ საერთო ევროპულ ოჯახში ცხოვრება ჩვენი მიზანია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.


„ქართული ოცნების“ პროპაგანდაა, თითქოს საქართველო ისჯება იმის გამო, რომ უარს ამბობს მეორე ფრონტის გახსნაზე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოსგან ამას არავინ ითხოვს და ხელისუფლება მეორე ფრონტის თემას საკუთარი შეცდომებიდან ყურადღების გადასატანად და მოსახლეობის წნეხის ქვეშ მოსაქცევად იყენებს.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს არ მისცეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რადგან არ იომა.

არ ვიომეთ და კანდიდატობა არ მოგვცეს, სირცხვილია, რომ იომებ და MAP-ს არ გაღირსებენ – კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი