ახალი ამბები

კონკრეტული გადაცდომა იყო, სისტემური პრობლემა არ ვლინდება — კობახიძე შადრევანში დენის დარტყმაზე

19 ოქტომბერი, 2022 • 935
კონკრეტული გადაცდომა იყო, სისტემური პრობლემა არ ვლინდება — კობახიძე შადრევანში დენის დარტყმაზე

„ქართული ოცნების“ თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევა, რამაც ორი მოზარდის დაშავება და ერთის სიკვდილი გამოიწვია, კონკრეტული გადაცდომის შედეგია და არა სისტემური პრობლემის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს, 19 ოქტომბერს, განუცხადა.

კობახიძის თქმით, კახა კალაძის თბილისის მერობის პერიოდში დედაქალქში არათუ სისტემური პრობლემაა, არამედ პროექტები სისტემურად წარმატებულად ხორციელდება და ამიტომ მის გადადგომაზე საუბარი სპეკულაციაა.

„ზოგადად, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუ უწყებაში ვლინდება რაიმე სისტემური პრობლემა. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს განსხვავებული სურათი – ამ 5 წლის განმავლობაში კახი კალაძის ხელმძღვანელობით თბილისის მერიაში ათასობით პროექტი განხორციელდა და ეს პროექტები გამორჩეული იყო მაღალი ხარისხით, როგორც ვიზუალური, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით.

აქედან გამომდინარე, არათუ სისტემური პრობლემა არ არსებობს, სისტემურად პროექტები ხორციელება წარმატებით. ამ შემთხვევაში იყო კონკრეტული გადაცდომა, გულგრილობა, რამაც გამოიწვია ტრაგიკული შედეგი. რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, ასეთი პრობლემა არ ვლინდება. ასეთ პირობებში მერის, კახი კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო“, — განაცხადა კობახიძემ.


მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩასულ 2 მოზარდს დენმა დაარტყა, რომლებიც გადარჩნენ. მათ საშველად შადრევანში ჩასული 13 წლის მარიტა მეფარიშვილი კი დაიღუპა. შადრევანი ამ შემთხვევის წინა დღეს თავად კახა კალაძემ გახსნა საზეიმოდ. საქმეზე 9 პირია დაკავებული, მათ შორის, მერიის თანამშრომელი. შსს-ს განცხადების მიხედვით, დანაშაული მოხდა შადრევნის რეაბილიტაციის თითქმის ყველა ეტაპზე — დაწყებული სამუშაოების შემსრულებელი მუშით და ტენდერში გამარჯვებული კომპანიით, დამთავრებული თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურით.

საზოგადოების ნაწილი კი კახა კალაძის გადადმგომას მოითხოვს. თუმცა  კახა კალაძე თავის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე არ საუბრობს და ამბობს, რომ თუ მისი დანაშაული გამოიკვეთება, მზად არის, კანონის წინაშე პასუხი აგოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი