ახალი ამბები

გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმება, მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა — შვედეთის ახალი მთავრობა

19 ოქტომბერი, 2022 • 776
გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმება, მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა — შვედეთის ახალი მთავრობა

შვედეთს, რომელსაც აქამდე ტრადიციულად მართავდნენ სოციალ-დემოკრატები, ზოგჯერ კი- მწვანეებიც, ახლა სათავეში მემარჯვენე კოალიცია ჩაუდგება.

ქვეყნის ოთხი მემარჯვენე პარტია არჩევნების შემდეგ თანამშრომლობაზე შეთანხმდა, მაგრამ სამთავრობო პოსტები მხოლოდ სამ პარტიას ერგო.

ახალი კოალიციის თანახმად, გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას როგორც ფინანსურად, ისე უსაფრთხოების კუთხით, გაამკაცრებენ ქვეყანაში საემიგრაციო წესებს, ბრძოლას გამოუცხადებენ კრიმინალურ დაჯგუფებებსა და გადახედავენ გარემოს დაცვის აქამდე არსებულ პოლიტიკას, თუმცა, უკვე ოპოზიციაში აღმოჩენილი პარტიების თანახმად, ახალი მთავრობა ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.

არჩევნების შედეგები და ახალი კოალიცია 

შვედეთში არჩევნები 11 სექტემბერს, ერთ თვეზე მეტი ხნის წინ გაიმართა, შემდეგ კი პარტიებმა სამთავრობო კოალიციის ფორმირებისთვის მოლაპარაკებები დაიწყეს.

არჩევნებში, სადაც პარლამენტის 349 წევრი უნდა გარკვეულიყო, ხმათა უმეტესობა, ანუ 30.33% პროცენტი და პარლამენტში 107 ადგილი სოციალ-დემოკრატებმა მოიპოვეს, მაგრამ ეს მაინც ვერ გახდა საკმარისი, რომ შვედეთის ერთ-ერთი უძველესი პარტია მთავრობაში მოხვედრილიყო.

ხმათა 20.54% პროცენტის აღება შვედეთის ცენტრისტულმა მემარჯვენე განწყობების ზომიერმა პარტიამ შეძლო და საბოლოოდ, პარლამენტში 73 მანდატი მოიპოვა.

„შვედმა დემოკრატებმა“, რომელიც მემარჯვენე-რადიკალური პარტიაა და თავის დროზე ნეონაცისტებმა დააარსეს, 68 მანდატის მოგროვება შეძლეს, ცენტრისტებს 24 მანდატი ხვდათ წილად, მემარცხენე პარტიამ 24 მანდატი მიიღო, „ქრისტიან დემოკრატებმა“ — 19-ის, ლიბერალებმა — 18, ხოლო „მწვანეებმა“ მხოლოდ 16 მანდატის მოპოვება შეძლეს.

შვედი დემოკრატების, ლიბერალების, ქრისტიან-დემოკრატებისა და ზომიერი პარტიის წარმომადგენლები

საბოლოოდ ისე გადაწყდა, რომ სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბება სწორედ ზომიერმა პარტიამ, ქრისტიან-დემოკრატებმა და ლიბერალებმა შეძლეს, ოღონდ, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობის შესაქმნელად მანდატების 50%-ს პლუს ერთი ხმაა საჭირო, ამ სამ პარტიას გვერდით ამოუდგნენ შვედი დემოკრატებიც, სანაცვლოდ კი მემარჯვენე პოლიტიკის გატარება მოითხოვეს.

შედეგად, პრემიერ-მინისტრი გახდა ზომიერი პარტიის ლიდერი ულფ კრისტერსონი, სხვადასხვა სამინისტრო კი, გარდა ზომიერი პარტიისა, ლიბერალებმა და ქრისტიან-დემოკრატებმა დაიკავეს.

ახალ მთავრობაში არცერთი მინისტრი არ იქნება „შვედი დემოკრატების“ რიგებიდან, თუმცა ეს პარტია მთავრობას პარლამენტიდან დაუჭერს მხარს.

რის გაკეთებას გეგმავს ახალი კაბინეტი 

თითქმის ყველაფრის შეცვლას, ზოგ შემთხვევაში კი შეცვლა თავად სამინისტროებსაც კი შეეხება.

გარემოს დაცვის სამინისტრო, რომელიც აქამდე დამოუკიდებელი უწყება იყო, ახლა ენერგიის, ბიზნესისა და ინდუსტრიის სამინისტროში გაერთიანდება.

შვედი მწვანეების ლიდერმა, პერ ბოლუნდმა მომხდარზე განაცხადა, რომ შეუძლებელია, აღნიშნულზე უფრო ზუსტად აღწერო ის, თუ რაოდენ მცირე მნიშვნელობას ანიჭებს ახალი მთავრობა გარემოსა და კლიმატის საკითხებს.

მწვანეების თანახმად, რომლებიც ტრადიციულად აკონტროლებდნენ უკვე გაუქმებულ გარემოს დაცვის სამინისტროს, უწყების გაუქმებას ბუნებაზე ისტორიულად უარყოფითი გავლენა ექნება.

სამინისტროს გაუქმების მიუხედავად, ახალი მთავრობა ოფიციალურად მაინც განაგრძობს შვედეთის მიერ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

ახალი პრემიერი ულფ კრისტერსონი

ახალი მთავრობის თანახმად, ქვეყანა გამოყოფს 36 მილიარდ ევროს საკრედიტო გარანტიების სახით, რაც დაიხარჯება შვედეთში ახალი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობაში. გარდა ამისა, გამკაცრდება უკვე არსებული ატომური სადგურების დახურვის წესებიც.

მთავრობის წევრების თანახმად, სრულად გადახედავენ სისხლის სამართლის კოდექსს, რაც გამოიხატება კრიმინალური ჯგუფების წინააღმდეგ გამკაცრებულ ზომებში და გახანგრძლივებულ სასჯელებში.

ასევე იგეგმება სათვალთვალო კამერების დაყენება და ისეთი ზონების შექმნა, სადაც პოლიციას შეეძლება მოქალაქეების გაჩერება და ჩხრეკა.

ახალი მთავრობა ემიგრანტების მიღებასაც გაართულებს და საერთაშორისო დახმარებისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 1 პროცენტზე მეტს აღარ დახარჯავს.

პრემიერმა კრისტენსონმა სამშაბათს, პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წარდგენისას თქვა, რომ შვედეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

„ჩვენ ყველა შესაძლო დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ ომით გახლეჩილ უკრაინას – პოლიტიკური, ეკონომიკური და ასევე, უსაფრთხოების მიმართულებით. უკვე მიმდინარეობს  გრძელვადიანი და შეთანხმებული პროგრამები როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო დახმარების მიმართულებით— ეს მოიცავს უკეთესი სამხედრო შეიარაღების მიწოდებას“, — თქვა შვედეთის ახალმა პრემიერმა.

მთავრობას უკვე აკრიტიკებენ

ფაქტი, რომ ახალი მთავრობის მხარდამჭერი ნეონაცისტურ ნიადაგზე ამოზრდილი პარტიაა, შვედეთში ნაციზმისა და რასიზმის წინააღმდეგ მებრძოლ ჯგუფებს აშფოთებთ.

ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მებრძოლი შვედური კომიტეტის თანახმად, შესაძლებელია, რომ შვედეთში ანტისემიტური, ნაცისტური და რასისტული სენტიმენტები გაძლიერდეს. ეს განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა, რის გამოც მემარჯვენე ჯგუფებმა მაუწყებელი მიკერძოებულ პოზიციაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ მაუწყებელსაც სჭირდება რეფორმა.

მთავრობას ასევე აკრიტიკებენ მწვანე აქტივისტები და ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფები, რომლებიც საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას ეწინააღმდეგებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი