ახალი ამბები

ანექსირებული ხერსონის ადმინისტრაცია მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდებს

19 ოქტომბერი, 2022 • 1794
ანექსირებული ხერსონის ადმინისტრაცია მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდებს

ანექსირებული ხერსონის ოლქის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კირილ სტრემოუსოვმა ტელეგრამით ვიდეომიმართვა გაავრცელა და მოსახლეობას მოუწოდა, სასწრაფოდ დაიწყონ ევაკუაცია მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ან რუსეთის რომელიმე რეგიონში.

როგორც სტრემუსოვი ამბობს, ქალაქ ხერსონზე უახლოეს მომავალში მოსალოდნელია უკრაინის კონტრშეტევა.

როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი ამბობს, „გაქცევას არავინ არ აპირებს“, თუმცა მოსახლეობამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ევაკუაცია, რათა ხელი არ შეუშალოს სამხედროებს.

ხერსონში უკრაინიდან მოსალოდნელი კონტრშეტევის გამო არსებულ „რთულ ვითარებას“ აღიარებს უკრაინაში რუსეთის ძალების ხელმძღვანელი, გენერალი სერგეი სუროვიკინი.

როგორც BBC იტყობინება, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში საუბრისას უკრაინის არმია შეტევისთვის იყენებს „ჰაიმარსებს“.

„მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთის არმია უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციას“, — თქვა სუროვიკინმა.

ჯერჯერობით, უკრაინის ხელისუფლება არაფერს ამბობს ხერსონში მოსალოდნელ კონტრშეტევასა და რუსეთის მხარეს არსებულ პანიკაზე. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ უკრაინას კონტრშეტევების არც სხვა შემთხვევების დროს გაუვრცელებია ინფორმაცია წინასწარ.

ხერსონის ოლქი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ყირიმის ნახევარკუნძულს ესაზღვრება და რუსეთის არმიამ უკრაინაში შეჭრიდან მალევე, ფაქტობრივად, უბრძოლველად დაიკავა.

ქალაქ ხერსონს მდინარე დნიპრო შუაზე ჰყოფს. ამჟამად ხერსონის ოლქის ძირითად ნაწილს, მათ შორის, ქალაქ ხერსონს, რუსეთი აკონტროლებს. სექტემბერში ჩატარებული ფსევდორეფერენდუმის შემდეგ პუტინმა უკრაინული ოლქი რუსეთის ნაწილად გამოაცხადა.

მთავარ ფოტოზე: უკრაინის ეროვნული გვარდიის წვრთნები ხერსონის ოლქში. თებერვალი, 2022. EPA-EFE/OLEG PETRASYUK

მასალების გადაბეჭდვის წესი