ახალი ამბები

ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში, „კანონიერი ქურდების“ უფლებებისთვის ვიბრძოლებ – ხვიჩია

18 ოქტომბერი, 2022 • 1162
ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში, „კანონიერი ქურდების“ უფლებებისთვის ვიბრძოლებ – ხვიჩია

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში „კანონიერი ქურდების“ უფლებებისთვის იბრძოლებს.

მისი თქმით, „ქურდული სამყაროს შესახებ“ არსებული კანონი, ფაქტობრივად, ადამიანის რწმენის თავისუფლებას ზღუდავს და ადამიანის ციხეში ჩასასმელად მისთვის კონკრეტული დანაშაულის დამტკიცებას არ საჭიროებს.

როგორც ხვიჩიამ დღეს, 18 ოქტომბერს, პარლამენტის სხდომაზე თქვა, ამ კანონის მიღებით ქვეყანაში სასჯელის ახალი ფორმა შემოიღეს, რომელიც შესაძლებელს ხდის მოქალაქეობის ჩამორთმევას მაშინ, როცა ეს კონსტიტუციით აკრძალულია.

„თუ თავს არ მოვიტყუებთ, ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ე.წ. ქურდებთან ბრძოლა 2 ათწლეულის განმავლობაში, სინამდვილეში, ახალი სანქციის გამოკვეთას ისახავს მიზნად — ეს არის მოქალაქეობის ჩამორთმევა, ეს არის ქვეყნიდან გაძევება… ჩვენ არ ვაძლევთ ამ ადამიანების ოჯახის წევრებს მოსვენებას, არ ვაძლევთ დაბადების მოწმობებს ამ ადამიანების შვილებს და ვამბობთ, რომ ოჯახის ყველა წევრი რაღაცაშია გარეული.

ჩვენ დროზე უნდა შევცვალოთ ასეთი დამოკიდებულება, რაც არ უნდა არაპოპულარული იყოს ეს. ადამიანი უნდა დაისაჯოს თავისი ჩადენილი ქმედების გამო და არა იმ რწმენის გამო, რომელიც სჯერა[…] მე, როგორც სახალხო დამცველობის კანდიდატი, ჩემი არჩევის შემთხვევაში, ვიბრძოლებ ამ ადამიანების უფლებებისთვის. თუმცა არა იმიტომ, რომ ვინმე მათგანს ვიცნობ, მინდა საჯაროდ დავაფიქსირო, რომ არცერთ „კანონიერ ქურდს“ არ ვიცნობ პირადად. მე არავის ცნობა არ მჭირდება იმისთვის, რომ ვებრძოლო უსამართლობას, რომელიც თუნდაც ფურცელზე წერია “, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.


მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. პარტია „გირჩმა“ პარლამენტს ასარჩევად იაგო ხვიჩიას კანდიდატურა წარუდგინა.

თავად იაგო ხვიჩიამ საკუთარი კანდიდატურის წარდგენისას თქვა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში მხოლოდ სასამრთლო და საპატიმრო დაწესებულებებზე იქნება ორიენტირებული.

„ჩათვალეთ, რომ თუ ამირჩევთ, მორჩება ადამიანების დაყოფა იმის მიხედვით, ისინი ქალები არიან, ბავშვები არიან, ლგბტ თემის წარმომადგენლები არიან, ეთნიკური უმცირესობები არიან თუ და ა.შ. ყველა ეს პროექტი დაიხურება და იქნება მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვა, იმიტომ, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილს ჩვენ როგორც ადამიანებს, ისე ვუყურებთ“,- განაცხადა ხვიჩიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი