ახალი ამბები

სად არის მალხაზ გულაშვილი

11 მაისი, 2010 • • 2350
სად არის მალხაზ გულაშვილი

როგორც სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოები 10 მაისს იუწყებოდნენ, „ სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“დამფუძნებელმა მალხაზ გულაშვილმა საქართველოს ტერიტორია დატოვა. 

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიხედვით, ახალგორის ოსური ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრე ბარათაშვილიც ამბობს, რომ  მალხაზ გულაშვილი, სავარაუდოდ,  ცხივნალში იმყოფება.

საინფორმაციო სააგენტოების მიერ ამ ინფორმაციის გავრცელებას წინ უძღვოდა  “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის”  წევრის  ელიზბარ ჯაველიძის მიერ ჟურნალისტებისთვის  გულაშვილის საგანგებო განცხადების გაცნობა.

განცხადების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ გულაშვილის ორგანიზაციისა და ოჯახის მიმართ მიზანმიმართული, ცილისმწამებლური დისკრედიტაცია არ შეწყდება, გულაშვილი იძულებული გახდება, ევროპის ან აზიის ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები არ ირღვევა, პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს.

განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ მისი შვილის მიმართ განხორციელებული პროვოკაციის გამო, იძულებულია, იგი გაარიდოს ქვეყანას და მისი უსაფრთხოება დაიცვას.  ელიზბარ ჯაველიძის თქმით, გულაშვილის შვილს დაეჯახნენ და მანქანა დაუმტვრიეს. “მანქანიდან გადმოსულ მალხაზ გულაშვილის უფროს ვაჟს კი “ჯიპი” დაეჯახა. გუშინ საღამოს, ნაცრისფერი “BMW”-დან ოთხი ყმაწვილი გადმოვიდა და დახვდა მალხაზ გულაშვილის შვილს, რომლებმაც მანქანაში ჩააგდეს და დაემუქრნენ. ბავშვმა როგორღაც თავი დაიხსნა სექსუალური ძალადობისგან”, განაცხადა ჯაველიძემ.

“ჯორჯიან თაიმსის” მთავარი რედაქტორის მოადგილე ფრიდონ დოჩია მალხაზ გულაშვილის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვების ფაქტს უარყოფს.

როგორც მან საინფორმაციო სააგენტოს „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მედია ჰოლდინგ ჯორჯიან თაიმსის დამფუძნებელს ქვეყანა არ დაუტოვებია და ერთ–ერთ მონასტერში იმყოფება.

ინციდენტი 7 მაისს ტელეკომპანია „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში მოხდა, როცა ერეკლე დეისაძის წიგნის „საიდუმლო სირობის“ ირგვლივ ტელედებატები იმართებოდა. შემდგომ, როგორც საქართველოს პროკურატურა აცხადებდა, –„მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“  და “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის”  წევრები გადაცემის სტუდიაში შეიჭრნენ და გამიზნულად ჩაშალეს გადაცემა ბარიეირი“.

შედეგად  სამართალდამცავებმა 8 ადამიანი დააკავეს, მალხაზ გულაშვილი  კი, გუშინ უნდა დაეკითხათ, როგორც „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ თავმჯდომარე.

მასალების გადაბეჭდვის წესი