ახალი ამბები

თეირანის ციხეში, სადაც, ძირითადად, პოლიტპატიმრებს ატყვევებენ, არეულობას მსხვერპლი მოყვა

16 ოქტომბერი, 2022 • 822
თეირანის ციხეში, სადაც, ძირითადად, პოლიტპატიმრებს ატყვევებენ, არეულობას მსხვერპლი მოყვა

სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა და 61 დაშავდა თეირანში, ევინის ციხეში მომხდარ არეულობას და ხანძარს. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ირანულ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული ციხე ცნობილია იმით, რომ იქ, ძირითადად, პოლიტპატიმრებს ატყვევებენ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ანტისამთავრობო აქციებზე დაკავებულებიც სწორედ ამ ციხეში მიჰყავდათ.

როგორც BBC-ის სპარსული სამსახური იტყობინება წყაროებზე დაყრდნობით, მსხვერპლის რაოდენობა გაცილებით დიდია.

სოციალური ქსელებით არაერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს ხანძარი ციხის ტერიტორიაზე, ისმის სროლის ხმაც. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ციხეში არეულობის პროვოცირება.


ირანის ათეულობით ქალაქსა და დასახლებაში დემონსტრაციები ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო. ის სავალდებულო ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებით კანონის დარღვევის ბრალდებით მიმდინარე წლის სექტემბერში დააკავეს. უფლებადამცველთა ცნობით, 22 წლის ქალი პოლიციაში ცემის შედეგად გარდაიცვალა, ირანის ხელისუფლება კი მომხდარის მიზეზად ქალის ჯანმრთელობის გაუარესებას ასახელებს.

საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება, პოლიცია კი ცდილობს პროტესტი ძალადობრივი გზით ჩაახშოს, რასაც არაერთი აქტივისტის სიცოცხლე შეეწირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი