ქართველ ალპინისტებს — არჩილ ბადრიშვილს, ბაქარ გელაშვილსა და გიორგი ტეფნაძეს — გადასცეს ალპინიზმის სფეროში უმნიშვნელოვანესი ჯილდო „ოქროს წერაყინი“.
ქართველმა ალპინისტებმა ჯილდო დაიმსახურეს 7303 მეტრი სიმაღლის მწვერვალის დაპყრობით, სადაც აქამდე ფეხი არავის დაუდგამს და რომელიც ერთ-ერთ ურთულეს მარშრუტად მიიჩნევა.
ქართველი ალპინისტების გავლილი მარშრუტი მწვერვალ „სარაგრარ ჩრდილო-დასავლეთზე“
მწვერვალი „სარაგრარი ჩრდილო-დასავლეთი“ (Saraghrar Northwest) პაკისტანის დასავლეთით, ავღანეთის საზღვართან მდებარეობს. მწვერვალზე ასვლა 1970-80-იან წლებში სცადეს, მაგრამ უშედეგოდ.
ფოტო: ალპინისტების ასვლა მწვერვალზე/არჩილ ბადრიაშვილი
როგორც ჯილდოს ჟიური წერს, მათ ქართველი ალპინისტების დაჯილდოება რამდენიმე მიზეზით გადაწყვიტეს და პირველ რიგში, ეს იყო აქამდე აუსვლელი მწვერვალის დაპყრობა, ალპინისტთა გუნდის მცირე ზომა (მხოლოდ 3 კაცი) და ალპინისტური გზის განსაკუთრებული სირთულე, რომლის დაძლევასაც დასჭირდა ხანგრძლივი ცოცვა და მნიშვნელოვანი ტექნიკური სირთულეების დაძლევა.