“მოქალაქეების” წევრი და პარლამენტარი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, თუმცა არ დაუჭერია მხარი მისი მეოთხე შესწორებისთვის, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრადაა მოხსენიებული.
საბოლოო ჯამში, იოსელიანი ირწმუნება, რომ “კენჭის ყრის დღეს მის ხმა, ტექნიკურად არ დაფიქსირდა” რეზოლუციაზე, რომლითაც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად გამოაცხადა.
“გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციას, ბევრი ხმაური მოყვა. ამ რეზოლუციას, ცხადია მე მხარი დავუჭირე, თუმცა არ დავუჭირე მის მეოთხე შესწორებას, სადაც სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრადაა მოხსენიებული. კენჭის ყრის დღეს ჩემი ხმა, ტექნიკურად არ დაფიქსირდა, რის გამოც მეორე დღეს სესიაზე განვაცხადე რომ ჩაესწორებინათ და დაეფიქსირებინათ, ესეც ოფიციალურ ხმის მიცემად ითვლება. მსგავსი ფორმით ხმის მიცემა ასამბლეაში მიღებული და ხშირი პრაქტიკაა. ამიტომ რეზოლუციას ჩანაწერის სახით ახლავს ჩემი მხარდაჭერაც, როგორც ქვემოთა ფოტოზეა ასახული. ამ ყველაფრის ნახვა შეგიძლიათ PACE-ს ოფიციალურ გვერდზეც”, – აცხადებს იოსელიანი.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა პირველი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელმაც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად გამოაცხადა.
ამავე რეზოლუციაში შესწორების სახით შევიდა დამატება, რომლითაც „ასამბლეა მოუწოდებს სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვისკენ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პრეზიდენტ პუტინს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში, და მათი გათავისუფლებისკენ (უკრაინის მოქალაქის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით)“.
სწორედ ამ შესწორებით ხსნის „ქართული ოცნება“ იმ ფაქტს, რომ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. საქართველოს დელეგაციიდან რეზოლუციის მომხრეებს შორის მხოლოდ ხატია დეკანოიძის (ენმ) გვარი ფიგურირებს. 10-14 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დასასწრებად საქართველოს დელეგაცია გაემგზავრა ირაკლი ჩიქოვანის (დელეგაციის ხელმძღვანელი), ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძის, გივი მიქანაძის, ლევან იოსელიანისა და ხატია დეკანოიძის შემადგენლობით.
ლევან იოსელიანის მიერ რეზოლუციაზე მხარდაჭერა PACE-ს ვებგვერდზე ამ დროისთვის (18:55) ასახული არაა.
PACE-მ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც რუსეთის რეჟიმს ტერორისტულად აღიარებს
