ახალი ამბები

სმმ-ს 7 წევრს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

10 მაისი, 2010 • • 1606
სმმ-ს 7 წევრს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „კავკასიის“ ოფისში შეჭრის გამო შვიდ პიროვნებას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

“7 მაისს გადაცემა “ბარიერის“ მსვლელობისას, „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“  და “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის”  წევრები გადაცემის სტუდიაში შეიჭრნენ და გამიზნულად ჩაშალეს გადაცემა ბარიეირი“ -აცხადებს საქართველოს პროკურატურა.

იმ საღამოს პატრულმა რვა პიროვნება დააკავა: ლევან ჩაჩუა, ავთო ზუმბაძე, რატი მაისურაძე,  შოთა აფხაიძე, ლევან ტურაშვილი, დავით შალამბერიძე, ზვიად ბლიაძე და გიორგი გაბედავა. მათ წინააღმდეგ საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 154–ე (ჟურნალისტის საქმიანობის ხელშეშლა) და 239–ე მუხლებით (ხულიგნობის მუხლით). პირველი მუხლი ორ წლამდე, მეორე კი, ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესის გამართვამდე, გუშინ, ერთ–ერთი დაკავებული ლევან ტურაშვილი გაათავისუფლეს.

დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა ზვიად ბლიაძის გათავისუფლების შესახებ, რომელსაც გუშინ პოლიციის სამმართველოსთან მამა გარდაეცვალა. სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ სასულიერო პირებიც, რომლებიც თავდებად უდგებოდნენ ზვიად ბლიაძეს.

მოსამართლე გიორგი არევაძემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა და შვიდივე დაკავებულ პირს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

“მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” და “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” წევრები აპირებენ ტელეკომპანია კავკასიის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას. მათი განცხადებით, ხელთ აქვთ კადრები, რომლებშიც ჩანს, თუ როგორც ურტყამს მათ წარმომადგენელს ნინო ჯანგირაშვილის ძმისშვილი, რომელიც კავკასიის თანამშრომელია.

მსგავსი კადრები დაცვის მხარეს ჯერ არ წარუდგენია.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მათი წინასწარი გათავისუფლება არ მოხდა, დაკავებული პირების ქცევაა. ისინი ცინიზმით და აგრესიით მოიხსენიებდნენ დარბაზში მყოფ დასაკითხ პირებს, რის გამოც, სასამართლომ მიიჩნია, რომ თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ბრალდებულები ზემოქმედებას მოახდენდნენ გამოძიების პროცესის მიმდინარეობაზე.

აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისას, გაითვალისწინეს ის ფაქტორიც გაითვალისწინეს, რომ დაკავებისას, რამდენიმე მათგანმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. 

თბილისის საქალაქო სასამართლო სმმ–ს და მშკ–ს წევრებმა, ასევე,  სასულიერო პირებმა, კომენტარის გარეშე დატოვეს. პროცესზე იმყოფებოდა მამა დავით ისაკაძე, რომელიც გუშინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიტრისა და დამშვნებეული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

პრეს-რელიზი

მასალების გადაბეჭდვის წესი