ახალი ამბები

ვინ (არ) დაუჭირა მხარი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას გაეროში

13 ოქტომბერი, 2022 • 956
ვინ (არ) დაუჭირა მხარი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას გაეროში

გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეაზე წევრი სახელმწიფოების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ.

რეზოლუციის ტექსტი მოუწოდებს სახელმწიფოებს, არ აღიარონ რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს უკანონო ანექსია.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა უმრავლესობამ, 143-მა ქვეყანამ, მათ შორის იყო საქართველო, აშშ, ევროპული სახელმწიფოები, იაპონია, ავსტრალია, შვეიცარია, თურქეთი, საუდის არაბეთი, კანადა, ბრაზილია, ნაურუ, სერბეთი და სხვა ქვეყნები.

მწვანედ მონიშნულია რეზოლუციის მხარდამჭერები, ყვითლად ისინი ვინც თავი შეიკავა, ხოლო წითლად – მოწინააღმდეგეები

კენჭისყრისას თავი შეიკავა 35-მა სახელმწიფომ, მათ შორის, სომხეთმა, ალჟირმა, ბოლივიამ, ბურუნდიმ, კუბამ, კონგომ, ჩინეთმა, ცარ-მა, ინდოეთმა, ყაზახეთმა, ეთიოპიამ, ერიტრეამ, ვიეტნამმა, ტაჯიკეთმა, სამხრეთ აფრიკამ, ტაილანდმა, მონღოლეთმა და სხვებმა.

აგრეთვე იყვნენ ისეთებიც, რომლებიც კენჭისყრას არ დაესწრნენ, მათ შორის ირანი, ბურკინა ფასო, ჯიბუტი, ელ სალვადორი, ეკვატორული გვინეა, სან-ტომე და პრინსიპი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი და ვენესუელა, რაც პრაქტიკულად პოზიციის დაფიქსირებისგან თავის შეკავებაა.

5-მა ქვეყანამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, ესენია თავად რუსეთის ფედერაცია, სირიის არაბული რესპუბლიკა, ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული რესპუბლიკა, ბელარუსი და ნიკარაგუა. ხუთივე სახელმწიფოს ავტორიტარული ან ტოტალიტარული რეჟიმები მართავენ და დასავლური სანქციების ქვეშ არიან.

რეზოლუცია გენერალურ ასამბლეაში მას შემდეგ მოხვდა, რაც ის რუსეთმა დაბლოკა გაეროს უშიშროების საბჭოში განხილვისას.

უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი ყავს, მათ შორის, საფრანგეთი, აშშ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, გაერთიანებული სამეფო და რუსეთის ფედერაცია, რომლებიც ვეტოს უფლებით სარგებლობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი