ახალი ამბები

ISW: შესაძლოა რუსებს დრონების მართვაში ირანელი ინსტრუქტორები ეხმარებიან

13 ოქტომბერი, 2022 •
ISW: შესაძლოა რუსებს დრონების მართვაში ირანელი ინსტრუქტორები ეხმარებიან

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) თანახმად, შესაძლოა, უკრაინაში ირანული წარმოების დრონების, Shahed-136-ის მართვაში რუსებს ეხმარებიან ირანელი ინსტრუქტორები, ან რიგ შემთხვევაში, უპილოტო აპარატებს სულაც ირანელები მართავენ.

„შესაძლოა, რუსულმა ძალებმა ჩამოიყვანეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) დაკავშირებული პერსონალი უკრაინის ოკუპირებულ რაიონებში, რათა გაეწვრთნათ რუსი ჯარისკაცები დრონების გამოყენებაში.

„უკრაინის წინააღმდეგობის ცენტრმა“ 12 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა ჩამოიყვანეს ირანელი ინსტრუქტორების დაუზუსტებელი რაოდენობა ყირიმში, ძანკოისა და ზალიზნიის პორტში და ჰლადივციში, ხერსონის ოლქში, რათა ესწავლებინათ რუსეთის ძალებისთვის, თუ როგორ გამოეყენებინათ დრონები.

„წინააღმდეგობის ცენტრმა“ განაცხადა, რომ ირანელი ინსტრუქტორები უშუალოდ აკონტროლებენ საფრენი აპარატების გაშვებას უკრაინის სამოქალაქო სამიზნეებზე, მათ შორის მიკოლაივის და ოდესის ოლქებში“, – წერია ISW-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, რუსეთი იყენებს ირანული წარმოების თავდასხმით და დაზვერვით დრონებს, რომელიც ომის მიმდინარეობის უკანასკნელ ეტაპზე შეიძინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი