ახალი ამბები

პუტინი ევროპისთვის გაზის თურქეთის გავლით მიწოდების ალტერნატივაზე საუბრობს

12 ოქტომბერი, 2022 • 1297
პუტინი ევროპისთვის გაზის თურქეთის გავლით მიწოდების ალტერნატივაზე საუბრობს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საუბრობს ევროპისთვის გაზის მიწოდების ალტერნატიული გზების შესახებ.

მისი განცხადებით, რუსეთს შეუძლია ბუნებრივი აირის მიწოდების მარშრუტი „ჩრდილოეთის ნაკადის“ მიმართულებიდან, რომელიც ბალტიის ზღვის გავლით რუსეთსა და გერმანიას აკავშირებს, შავ ზღვაში გადმოიტანოს.

„ჩვენ შეგვიძლია გადავინაცვლოთ შავი ზღვის რეგიონისკენ და ამ გზით შევქმნათ ენერგიის, ბუნებრივი აირის მიწოდების მთავარი გზები თურქეთის გავლით… თუ ამას, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები ისურვებენ“, — განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი განცხადებით, ამ შემთხვევაში ენერგიის მიწოდების უსაფრთხოება გაცილებით უკეთ იქნება უზრუნველყოფილი.

მისივე განცხადებით, იგი ასევე მზადაა, რომ ენერგიის მიწოდება აღადგინოს „ჩრდილოეთის ნაკადის“ არსებული, დაუზიანებელი მილსადენით.

„ბურთი, როგორც ამბობენ, ახლა ევროკავშირის მოედანზეა. თუ მათ სურთ, უბრალოდ, გავხსნი ონკანს და მორჩა, სულ ესაა. არავის ვზღუდავთ, ჩვენ ასევე მზად ვართ, რომ შემოდგომა-ზამთრისთვის დამატებითი მოცულობებიც მივაწოდოთ“, — აცხადებს პუტინი.

რუსეთი ენერგორესურსებს დასავლეთის, კონკრეტულად, ევროკავშირის შანტაჟისთვის იყენებს.

მანამ, სანამ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენი საეჭვო გარემოებებში  დაზიანდებოდა 2022 წლის 26 სექტემბერს, რუსეთმა დასავლეთს რამდენიმეჯერ შეუჩერა გაზის მიწოდება, მიზეზად კი ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებდა.

პუტინმა რამდენიმე დღის წინ მტკიცებულებების გარეშე განაცხადა, რომ უკრაინულ მხარეს თურქეთ-რუსეთის მილსადენის აფეთქება სურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი