ახალი ამბები

საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი გახდა

12 ოქტომბერი, 2022 • 747
საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი გახდა

ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში, საქართველო, 178 ხმით, უკვე მეორედ იქნა არჩეული გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 2023-2025 წლების ვადით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვან წარმატებას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად არჩევა და იძლევა დამატებით შესაძლებლობებს, რათა ქვეყანა, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, უფრო აქტიურად ჩაერთოს ადამიანის უფლებათა დაცვის გლობალურ დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„ვულოცავ საქართველოს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში არჩევას 2023-2025 წლებით. აღნიშნული წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან წარმატებას და გვაძლევს შესაძლებლობას, განვამტკიცოთ საქართველოს ერთგულება ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ და აქტიურად ჩავერთოთ გლობალურად მათი დაცვის უზრუნველყოფის პროცესში. მადლობას ვუხდი წევრ სახელმწიფოებს მხარდაჭერისთვის და ასევე საბჭოს ახლად არჩეულ წევრებს, რომელთანაც საქართველო მჭიდრო კოორდინაციასა და თანამშრომლობაში იქნება მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად“, — წერს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ულოცავს საბჭოს ყველა ახლად არჩეულ წევრს და მადლობას უხდის გაეროს წევრ სახელმწიფოებს საქართველოს კანდიდატურის მხარდაჭერისთვის.

ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებს ირჩევენ გეოგრაფიული პრინციპით რეგიონული ჯგუფებიდან. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო სამი წლის ვადით არჩეული 47 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და მის ფუნქციას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დაცვის უზრუნველყოფა, მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. საბჭო ჟენევაში საქმიანობს. საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად  პირველად აირჩიეს 2015 წელს, 2016-2018 წლების ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი