აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში 11 ოქტომბერს თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი უკრაინასთან ომში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს.
CNN-ის ჟურნალისტმა ბაიდენს ჰკითხა, მოსალოდნელია თუ არა, რომ პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, რაზეც ბაიდენმა უპასუხა:
„არ მგონია, რომ ამას იზამს“.
„ვფიქრობ, მისი მხრიდან უპასუხისმგებლო იყო იმაზე საუბარი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი დიდი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერმა შეიძლება ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს უკრაინაში. მთავარი აზრი იმისა, რაც მე ვთქვი, იყო ის, რომ ეს მიგვიყვანს საშინელ შედეგებამდე“, — თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბაიდენმა გასულ კვირას ასევე განაცხადა, რომ მსოფლიოში ბირთვული „არმაგედონის“ საფრთხე ისტორიულ მაქსიმუმზეა, თუმცა 11 ოქტომბრის ინტერვიუში არ დააკონკრეტა, კონკრეტულად როგორ იმოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატები იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში ამგვარ შეიარაღებას გამოიყენებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ სჯერა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არის “რაციონალური მოთამაშე”, თუმცა, მიუხედავად ამისა, მან არასწორად შეაფასა უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობა.
„მე ვფიქრობ, რომ ის არის რაციონალური მოთამაშე, მაგრამ მნიშვნელოვნად ვერ გათვალა“, – განაცხადა ბაიდენმა რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომზე საუბრისას.
მას შემდეგ, რაც რუსეთი 10 ოქტომბერს თავს მორიგ ჯერზე დაესხა უკრაინის ქალაქების საცხოვრებელ უბნებს, ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას დაჰპირდა, რომ უკრაინა საჰაერო თავდაცვის საშუალებებს მიიღებდა.