ახალი ამბები

2 დღეში უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის 30% დაიბომბა — მინისტრი

11 ოქტომბერი, 2022 •
2 დღეში უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის 30% დაიბომბა — მინისტრი

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ გერმან გალუშენკოს განცხადებით, ორშაბათიდან მოყოლებული უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 30% რუსული სარაკეტო დარტყმების ქვეშ აღმოჩნდა.

როგორც მინისტრმა CNN-ს განუცხადა, ეს იყო „პირველი შემთხვევა ომის დაწყებიდან“, როდესაც რუსეთმა უმთავრეს სამიზნედ აქცია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ უკრაინული ელექტროენერგიის ექსპორტი ევროპაში „ეხმარება ევროპის ქვეყნებს, დაზოგონ რუსული გაზი და ნახშირი“ და დასძინა, რომ უკრაინა ცდილობს, სწრაფად აღადგინოს ელექტრომომარაგება სხვა წყაროებიდან.

ორშაბათს უკრაინის მთავრობამ მოუწოდა ხალხს მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეზღუდონ ენერგიის მოხმარება. კითხვაზე, მიიღებს თუ არა უკრაინა დამატებით ენერგიას ევროპიდან, გალუშენკომ თქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი.

10-11 ოქტომბერს რუსეთმა ახალი სარაკეტო შეტევა განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ, მათ შორის დასავლეთ რეგიონში. შედეგად, ლვოვის რაიონში ოთხი ელექტროსადგური დაზიანდა, რამაც ქალაქის ენერგომომარაგებას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა თქვა, რომ უკრაინის ენერგოსისტემა ჯერ კიდევ სტაბილურია, მაგრამ პარტნიორებს მოუწოდა, უზრუნველყონ უკრაინა საჰაერო თავდაცვის სისტემებით.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ დააჩქარებს უკრაინისთვის მოწინავე მიწის-ჰაერის სარაკეტო სისტემის (NASAMS) მიწოდებას.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ G7-ის ლიდერებს მოუწოდა საერთო ძალისხმევისკენ უკრაინის საჰაერო ფარის შესაქმნელად.

მასალების გადაბეჭდვის წესი